25 აპრილი 2024,   10:18
ვრცლად
"რაც სააკაშვილთან დაკავშირებით მოხდა, ეს უკრაინის რეპუტაციას არაფერს მატებს"-მიუნხენის კონფერენციაზე უკრაინის დელეგაცია კრიტიკულ შეკითხვებს ელის

საერთაშორისო უსაფრთხოების მიუნხენის წლევანდელ კონფერენციაზე რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე მსჯელობენ. სწორედ თემიდან გამომდინარე პირველ სამუშაო დღეს მთავარი მომხსენებლები ნატო-ს გენერალური მდივანი და უკრაინის პრეზიდენტი არიან. სავარაუდოა, რომ გამოსვლების შემდეგ კრიტიკულ შეკითხვებს შორის მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან გაძევების საკითხიც მოხვდეს.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი იულია ტიმოშენკო ამბობს, რომ მან პრეზიდენტს პირადად უთხრა, რომ პოროშენკო სააკაშვილს არასწორად მოექცა.

„მიხეილ სააკაშვილს ყველაზე რთულ ვითარებაში მხარს ვუჭერდი უკრაინაში და როდესაც უკრაინის პრეზიდენტი და ხელისუფლება აძევებს მას უკრაინიდან, უკანონოდ და ამორალურად იქცევა. მე საჯაროდ ვუთხარი პრეზიდენტს, რომ ეს არის არასწორი საქციელი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ. მომავალშიც დავუჭერ მხარს მიხეილ სააკაშვილს ვიდრე უკრაინის ხელისუფლება უკანონო ქმედებებს არ შეწყვეტს. უკრაინაში დღეს ისეთი პოლიტიკური სიტუაცია შეიქმნა, რომ ჩვენ ოპოზიცია კოორდინირებულ ქმედებებს ვიწყებთ,“-განაცხადა იულია ტიმოშენკომ.

მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან გაძევების საკითხს გამოეხმაურა კონფერენციაზე მყოფი კიევის მერიც. ვიტალი კლიჩკოს განმარტებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის ქვეყნიდან გაძევება უკრაინის იმიჯს დააზარალებს.

„იურისტი არ ვარ და რთულია ჩემთვის ამ თემაზე საუბარი. მიჭირს გავიზიარო ის პოზიცია, რომელიც დღეს სააკაშვილთან დაკავშირებით არსებობს. უკრაინაში არიან სააკაშვილის მოწინააღმდეგეებიც და მისი მხარდამჭერებიც. ერთი რამ შემიძლია მკაფიოდ გითხრათ, რაც სააკაშვილთან დაკავშირებით მოხდა, ეს უკრაინის რეპუტაციას არაფერს მატებს,”-განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.

დღის ამბები