24 აპრილი 2024,   19:42
ვრცლად
კიევში პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით ოპოზიციის მომხრეთა მარში მიმდინარეობს

ამ წუთებში კიევში პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით ოპოზიციის მომხრეთა მარში მიმდინარეობს. აქციაში არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები, არამედ სხვა ოპოზიციური ძალების მხარდამჭერებიც მონაწილეობენ.

შევჩენკოს მოედანზე, უამრავი ადამიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ქვეყნიდან გაძევებას აპროტესტებენ და ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ. 

მარშის გამო, კიევის ცენტრში რამდენიმე ქუჩაა გადაკეტილი. ჩაიკეტა ცენტრისკენ მისასვლელი რამდენიმე მეტროსადგური.

ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ მეტროსადგური დანაღმულია, თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს მხდალი ხელისუფლების მორიგი სვლაა, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ აქციაზე მომიტინგეთა მისვლას შეუშალოს ხელი.

სწორედ ამის გამო, მიხეილ სააკაშვილის პარტიის მიერ ორგანიზებულმა მარშმა 12:00 საათის ნაცვლად, ნახევარი საათით გადაიწია.

„ათასობით ადამიანი იკრიბება საპროტესტო აქციაზე და პოროშენკოს რეჟიმის დამხობას ითხოვს. იმისთვის, რომ ხალხმა მოსვლა ვერ შეძლოს, პრეზიდენტის განკარგულებით, დაიხურა ყველა ახლო მდებარე მეტროსადგური. ამის გამო მარში დაგვიანებით დაიწყო. ხელისუფლება ძველ საბჭოურ მეთოდებს მიმართავს, რომ ხალხის შეკრებას შეუშალოს ხელი,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ევგენი ლუკიანცევი. 

აქციის მონაწილეები ამ წუთებში შევჩენკოს პარკში იკრიბებიან, ამის შემდგომ მსვლელობა გაიმართება კიევის ერთ-ერთი მთავარი ქუჩით და მარში მიხაილოვსკის მოედანზე დასრულდება. 

ავტორი: ზურაბ ხვისტანი.

დღის ამბები