25 ივნისი 2018,   10:15
ვრცლად
მუქარა ისრაელისა და ირანის წარმომადგენლების მხრიდან - ბენიამინ ნეთანიაჰუს და ჯავად ზარიფის განცხადებები მიუნხენის კონფერენციაზე 

მიუნხენის კონფერენციის ტრიბუნა მუქარისთვის გამოიყენეს ისრაელისა და ირანის წარმომადგენლებმა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ირანი აგრესიაში დაადანაშაულა და საპასუხო ზომებით დაემუქრა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ დარბაზს ისრაელის მიერ ჩამოგდებული ირანული უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტები აჩვენა და იქვე მყოფი ირანის საგარეო მინისტრი გააფრთხილა, რომ ურჩევს თეირანს ისრაელის მოთმინება არ გამოსცადოს. ისრაელის პრემიერის განცხადებით, თეირანი ისტორიული შეთანხმების გვერდის ავლით, დღემდე განაგრძობს ურანის გამდიდრებას და საერთაშორისო თანამეგობრობას უმკაცრესი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ისრაელი უფლებას იტოვებს ბირთვული ირანის პრობლემა ნებისმიერი გზით მოაგვაროს.

„ისრაელი არ დაუშვებს სირიაში ირანის სამხედრო ბაზები შექმნას, რომელიც საფრთხეს უქმნის ისრაელს. ირანი უარყოფს აგრესიის აქტს, რომელიც გასულ კვირას მოხდა. ეს არის ფრაგმენტი ირანული დრონის, რომელიც ჩამოვაგდეთ. აქ ჩამოვიტანე რომ მეჩვენებინა თქვენთვის. ბატონო ზარიფ გეცნობათ? ეს თქვენია და შეგიძლიათ წაიღოთ როგორც ჩვენი გზავნილი თეირანელ ტირანებს - ნუ გამოცდით ისრაელის გამბედაობას. ჩვენ ყოველგვარი ეჭვის გარეშე ვიმოქმედებთ საკუთარი თავის დასაცავად და ვიმოქმედებთ არამხოლოდ ირანის მინდობილების წინააღმდეგ რომლებიც თავს გვესხმიან, არამედ თავად ირანის წინააღმდეგაც,“ - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნეთანიაჰუს გამოსვლას ცირკი უწოდა და აღნიშნა, რომ მისი გამონათქვამები პასუხსაც არ იმსახურებს, თუმცა საპასუხო განცხადების გაკეთებას გვერდი მაინც ვერ აუარა.

„დღეს ჩვენ ყველა გავხდით ანიმაციური ცირკის მომსწრენი, რომელიც არ იმსახურებს პასუხს ჩვენი მხრიდან. ისრაელი მეზობლებთან მიმართებაში იყენებს აგრესიას როგორც პოლიტიკას, ახორციელებს მასობრივ რეპრესიებს მეზობლების წინააღმდეგ და ყოველდღიურად იჭრება სირიასა და ლიბანში. როგორც კი სირიელებმა მისი ერთ-ერთი თვითმფრინავი ჩამოაგდეს, მათ ეს ისე წარმოაჩინეს თითქოს კატასტროფა მოხდა. რაც ბოლო დღეებში მოხდა, უბრალოდ დაანგრია ისრაელის ე.წ. უძლეველობის მითი. იმედს ვიტოვებთ, რომ მსოფლიო გააგრძელებს ბირთვული შეთანხმების მხარდაჭერას. ჩვენ არ ვიქნებით პირველები, ვინც დაარღვევს ამ შეთანხმებას. ასევე გარწმუნებთ, რომ თუ ირანის ინტერესები არ იქნება დაცული და უზრუნველყოფილი ბირთვული შეთანხმების საფუძველზე ირანი ამას უპასუხოდ არ დატოვებს. პასუხი კი იმდენად სერიოზული იქნება, რომ მსოფლიო ამას ძალიან ინანებს,“ - განაცხადა ჯავად ზარიფმა.

 

დღის ამბები