20 აპრილი 2024,   20:24
ვრცლად
მაუწყებლობის შესახებ კანონი - მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილი კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს 

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტო ვეტოზე ერთ საათზე მეტია მსჯელობს. მმართველი გუნდის პოზიცია მაუწყებლის შესახებ კანონთან დაკავშირებით ამ დრომდე განსხვავებულია.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების ნაწილი პირდაპირ ამბობს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. საპარლამენტო უმრავლესობის მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ ვეტო ყოველგვარი გართულების გარეშე იქნება დაძლეული.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია მაუწყებლის შესახებ კანონთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოზიციას იზიარებს და ვეტოს დაძლევას გეგმავს.

„პრეზიდენტის ვეტოს, მასში, რომ ყოფილიყო ასახული სწორედ ის შენიშვნები, რაც მე მქონდა, ჩემთვის არანაირი პრობლემა არ იყო მისი მხარდაჭერა, მაგრამ რადგან ის თანხვედრაში არ იყო ჩემს პოზიციასთან, მე მხოლოდ ამ მიზეზით არ გავიზიარე ვეტო,“ - განაცხადა რომან კაკულიამ.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, ლევან კობერიძე აღნიშნავს, რომ მაუწყებლის შესახებ კანონში სტარტაპების და დამატებითი რეკლამის მიცემის ნაწილს არ იზიარებს.

„თავის დროზე არც ხმა არ მივეცი და საერთოდ, ჩემს კოლეგებს ვურჩევდი, რომ არა მხოლოდ დამატებით რეკლამის ან ბიუჯეტის გამოყოფაზე, არამედ იმ 53 მილიონზეც ვიფიქროთ, რა მიზანს ემსახურება, რომელიც უკვე იქნება გამოყოფილი ამ კანონის მიხედვით,“ - განაცხადა კობერიძემ.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ კენჭისყრაზე მონაწილეობას არ მიიღებს. თუმცა, აღნიშნავს, რომ მმართველ გუნდს პარლამენტარების ის რაოდენობა ჰყავს, რომელიც ვეტოს დაძლევს.

„მე ვფიქრობდი, რომ გარკვეული ხნით მიგვეცა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ეს შეღავათები, რადგან ისინი ამბობდნენ, რომ ამის შემდეგ სხვა სიმაღლეზე ავიდოდა საზოგადოებრივი მაუწყებელი და ვფიქრობდი, რომ რაღაც გარკვეული ერთი წლით, ჩვენც შეგვეძლო, კანონში შეგვეტანა ასეთი ცვლილება, ამას არ დაუჭირეს მხარი, ამიტომ, მეც, ბუნებრივია, ვარ ჩემს პოზიციაზე,“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ. 

დღის ამბები