18 აპრილი 2024,   10:30
ვრცლად
,,თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტიკური პატიმარი ვიყავი“- ჩაბუქის პირველი კომენტარი

სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულმა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა პირველი კომენტარი გააკეთა.

სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს აღკვეთის ღონისძიების სახით 1000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდა შეუფარდა.

ჩაბუქმა მადლობა გადაუხადა არასამთავრობო ორგანზაციას, მედიას, ევროპარლამენტარ რებეკა ჰარმს და ყოფილ და მოქმედ ომბუდსმენებს.

„9-თვიანი პატიმრობის ვადა დღეს ამომეწურა, მე მასწავლებელი ვარ, რომელიც განათლებაზეა შეყვარებული. 15 წელია, საქართველოში ვსაქმიანობ და ამ ხნის განმავლობაში ჩემი მიზანი მხოლოდ ბავშვებისთვის სიყვარულისა და სიმშვიდის გაზიარება იყო. მუდამ წინააღმდეგი ვიყავი და ვარ ტერორიზმის. აქ უამრავი მეგობარი მყავს და ჩვენი პროექტები ყოველთვის დადებითად ფასდებოდა, მათ შორის, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების და განათლების სამინისტროს მხრიდანაც. ლეგალურად თუ არალეგალურად მე ვერანაირად ვერ ვიქნები ტერორისტული დაჯგუფების წევრი ან მომხრე,“  -განაცხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა.

მისი თქმით, ის დეტალურად სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრებს, რომელსაც უახლოეს მომავალში გამართავს.

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, მედიისთვის მიცემულ პირველ კომენტარში, ჩაბუქი აცხადებს, რომ ის ნამდვილად იყო პოლიტიკური პატიმარი.

,,თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტიკური პატიმარი ვიყავი“- განაცხადა ჩაბუქმა.

ჩაბუქს თურქეთში ბრალად ფეთჰულა გიულენის მხარდაჭერა და ტერორიზმის ხელშეწყობა ედება ბრალად. 

დღის ამბები