იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. საბჭოს მოსამართლე წევრები კვლავ პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატს ანა დოლიძეს უპირისპირდებიან.
მოსამართლეები ამბობენ, რომ ანა დოლიძე შეურაცხყოფას აყენებს საბჭოსა და საბჭოს წევრებს. თავად დოლიძე კი აცხადებს, რომ ის მხოლოდ იმ ხარვეზებს ამხელს, რაც საბჭოში არსებობს.
საბჭოს სხდომაზე ანა დოლიძეს საზოგადოების მოტყუებაში დასდეს ბრალი, თავად დოლიძე კი ცილისწამებაზე საუბრობს. სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
,,უზრდელობაა, როცა ციხის საკანსა და კრიმინალების საკანს ადარებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და კრიმინალებს ადარებს საბჭოს წევრებს. ქალბატონო ანა, საკუთარ ზრდილობას დააკვირდით, როდესაც ნარჩენებს ეძახდით მოსამართლეებს, ამასთან დაკავშირებით უფრო დაფიქრდით, ვიდრე ის, რომ თქვენ მუდმივად დემაგოგიას ეწევით და ამას შეგახსენებენ“-მიმართა დოლიძეს საბჭოს მოსამართლე წევრმა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ლევან თევზაძის განცხადებით, ანა დოლიძეს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. საბჭოს მოსამართლე წევრის განცხადებით, დოლიძემ ამ ხნის მანძილზე 10 ტყუილი უკვე თქვა.
,,ქალბატონო ანა, სრულიად საგანგაშოა თქვენ ოთხი წლის განმავლობაში რამდენ ტყუილს მოასწრებთ...არავინ გიკრძალავთ თქვენ აზრის გამოხატვას,“- განაცხადა თევზაძემ.
დოლიძის თქმით კი, მისი მიზანი მხოლოდ საბჭოს საჯაროობისა და გამჭვირვალობის გაზრდა, ასევე მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებაა. მისი თქმით, რაც უფრო მეტი ყურადღება მიექცევა მის განცხადებებს უფრო სასურველი იქნება.
,,მე ვფიქრობ, რომ საბჭოს მიერ საკუთარი ფუნქციის ადეკვატურად შესრულება ეს არ არის, თუ ასე გსურთ ჩემი საჯარო განცხადებების განხილვა მე ამას მხოლოდ მივესალმები. გთხოვთ ეს უნდა დაფიქსირდეს დღის წესრიგში და სხდომებზე ვიმსჯელოთ ხოლმე,“-მიმართა დოლიძემ საბჭოს წევრებს.