23 აპრილი 2024,   18:06
ვრცლად
არასაპარლამენტო ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ხელისუფლება "TV პირველის" სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას კიდევ შეეცდება

არასაპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას მედიის საქმიანობაში ჩარევის მცდელობის გამო აკრიტიკებს. "TV პირველის" წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან ზეწოლასა და მუქარაზე ალაპარაკდნენ.

"TV პირველთან" მიმართებაში ზეწოლისა და მუქარის კონტექსტში სამთავრობო გუნდიდან ალექსანდრე ჯეჯელავას და დიმიტრი ქუმსიშვილის გვარმა გაიჟღერა. როგორც ცნობილია, წერეთელს ტელევიზიის 50%-ს და მართვის უფლების გადაფორმებას სთხოვდნენ.

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა აღნიშნავს, რომ "TV პირველის" ირგვლივ განვითარებული მოვლენები ხელისუფლებისთვის მწვავე პრობლემა გახდება.

„ამ მეთოდებით ამის დაბალანსება და მედიაზე ზეწოლა, არც ქვეყნის შიგნით, არც საერთაშორისო დონეზე საქართველოს და ამ ხელისუფლებას, კარგს არაფერს მოუტანს,“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

„თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივანი, თამარ კეკენაძე განმარტავს, რომ „რუსთავი 2“-ის და საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ განვითარებული მოვლენები იმის მანიშნებელია, რომ ახლა უკვე „TV პირველის" სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას შეეცდებიან.

„რაც ხდებოდა და ხდება „რუსთავი 2“-ის, საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო, დღეს უკვე ყველაზე სკეპტიკურ ადამიანსაც კი აძლევს იმის საფუძველს, რომ დაუჯეროს, რომ ახლა უკვე დადგა „TV პირველის" ჯერი და ხელისუფლება ეცდება უკვე, ჩაერიოს „TV პირველის" სარედაქციო პოლიტიკაში,“ - განაცხადა კეკენაძემ.

„ახალი მემარჯვენეების” პოლიტიკური მდივანი, მანანა ნაჭყებია ვარაუდობს, რომ ხელისუფლება კიდევ ერთხელ ეცდება სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას.

„ჩემი აზრით, ჩვენ საზოგადოებამ, პოლიტიკურმა პარტიებმა, ჟურნალისტებმა, ახლავე უნდა მოვითხოვოთ, ვისი სახელები და გვარებიც ფიგურირებს დადასტურდეს მათი მონაწილეობა ან უარყოფილ იქნას ამ ადამიანების მონაწილეობა,“ - განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები