შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე, დღეს ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. მათ შორის დაიკითხება ვიდეო ექსპერტი, რომელმაც უნდა დაადასტუროს ვიდეო მასალის უწყვეტობა, ან პირიქით დაადასტუროს რომ ის დამონტაჟებულია და სრულად არ ასახავს 2004 წლის 23 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც ბუტა რობაქიძე დაიღუპა.
გურამ დონაძის განცხადებით, წინა სხდომაზე ხმის ექსპერტმა დაადასტურა, რომ მასალა უწყვეტია, ხოლო ბრალდების მხარე ამტკიცებს რომ ხმა უწყვეტია, მაგრამ ვიდეოა დამონტაჟებული.
„ზაზა ბაქრაძის რომელ განცხადებას უნდა დავუჯეროთ? 2013 წელს, როცა იგივე პალიტრა ტვ-ს ჩაერთო ეთერში და თქვა, რომ თურმე მას დანაშაული ჩადენილი არ ქონია არასდროს და იქ რაც ხდებოდა ყველაფერი იციან ადამიანებმა და არის სიმართლე ის, რომ იარაღები იყო, არ იყო და ა.შ. თუ ახლა რომ გამოჩნდა სამი დღის წინ და თურმე ის უშუალო დანაშაულის მონაწილეა,“ - განაცხადა შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსმა გურამ დონაძემ.
განცხადება გააკეთა პროკურორმა დავით ნეფარიძემ.
„ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებულის სურვილი, მას აქვს საპროცესო კოდექსის შესაძლებლობა, როგორც უშუალოდ ასევე ტექნიკური საშუალებით, ასევე დისტანციურად მონაწილეობა მიიღოს თავის ბრალდების მხარის განხილვაში და სურვილის შემთხვევაში, მისცეს ჩვენება. ეს არის მისი გადასაწყვეტი მისცემს თუ არა ჩვენებას და თუ მისცემს, რა შინაარსის ჩვენებას მისცემს. ბრალდებულ ზაზა ბაქრაძესთან არ გვაქვს არანაირი სახის კომუნიკაცია, მასთან არ აქვს კომუნიკაცია, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს,“ - განაცხადა პროკურორმა.