25 აპრილი 2024,   12:37
ვრცლად
საპარლამენტო ოპოზიცია მთავრობას ჩაბუქის პატიმრობის გამო აკრიტიკებს და მის გათავისუფლებას პროკურატურის ან სასამართლოს დამსახურებად არ მიიჩნევს

მუსატაფა ემრე ჩაბუქის გათავისუფლების შესახებ ოპოზიციურ სპექტრში განცხადებები გაკეთდა. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების განცხადებით, დემირელის კოლეჯის ყოფილი დირექტორი, თითქმის 9 თვის განმავლობში უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა. 

„ნაციონალურ მოძრაობის"  წევრი რომან გოცირიძე ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. 

„უდანაშაულო ადამიანი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი 9 თვის განმავლობაში ჰყავდათ უკანონოდ დაპატიმრებული. ამაზე პასუხს აგებს ყველა, მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირები. პირველ რიგში დაისჯება განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, რომელმაც გაანადგურა სკოლები, დემირელის კოლეჯი, ბათუმის ლიცეუმი, დღემდე მიდის ზეწოლა შავი საერთაშორისო უნივერსიტეტზე. მიაკითხავენ ჯეჯელავასაც და იმ ადამიანებსაც, ვინც მთავრობაში ატერორებდა ამ ინსტიტუტებს,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ,

„ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ წინასწარი პატიმრობის ვადა ისედაც 4 დღეში იწურებოდა და რომ სასამართლოს სხვა გზა არ ჰქონდა.

„ვერანაირ დამსახურებად ვერც პროკურატურას და ვერც სასამართლოს ვერ  ჩაეთვლება გირაოს შუამდგომლობა. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა - ჩაბუქი ისედაც თავისუფლდებოდა 4 დღის შემდგომ წინასწარი პატიმრობისგან, რომელიც იყო თავის მხრივ დაუსაბუთებელი,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ მუსატაფა ემრე ჩაბუქი მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ დღეს დარბაზიდანვე გაათავისუფლა. თურქეთის მოქალაქემ წინასაექტრადიციო პატიმრობაში თითქმის 9 თვე გაატარა, რომელიც მას პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისად ჰქონდა შეფარდებული. თუმცა მისი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დღეს თავად საგამოძიებო უწყებამ დაადგინა.

 

დღის ამბები