20 აპრილი 2024,   01:20
ვრცლად
პროტესტი ონში - მოსახლეობა ჰესების კასკადის მშენებლობის პროექტს აპროტესტებს და გეოლოგიურ კატასტროფაზე საუბრობს 

ონის რაიონის 4 სოფლის მოსახლემ მდინარე რიონზე ჰესების კასკადის მშენებლობის პროექტი გააპროტესტა. ადგილობრივები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რაც ჰესების მშენებლობას შეიძლება მოჰყვეს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში ისინი ზემო რაჭის გეოლოგიურ და ეკოლოგიურ კატასტროფაზე საუბრობენ.

იმის შესახებ, რომ სამშენებლო პროექტი უკვე არსებობს და საპროექტო ტერიტორიაც განსაზღვრულია, ადგილობრივებმა მხოლოდ დღეს შეიტყვეს. ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ რაჭაში მასშტაბური ჰესების მშენებლობა საშიშია, რადგან სტიქიური ზონების გამო შესაძლოა მთელი ხეობა დაიტბოროს.

ონის რაიონში მდინარე რიონზე ჰესების კასკადის აშენებას ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტრირების ფონდთან ერთად შპს ”ფერი” გეგმავს. ეს უკანასკნელი კი, ”ლარსი ჰესის” მშენებლობაშიც ფიგურირებს, რომელიც საზეიმო გახსნიდან 4 თვეში ჩამოიშალა. მაშინ, მილიონიანი ინფრასტრუქტურა მოვარდნილმა ღვარცოფმა გაანადგურა. ის, რომ ჰესი გეოლოგიურად საშიშ ზონაში შენდებოდა, ამაზე არასამთავრობო ორგანიზაციები წლების წინ მიუთითებდნენ. ეკოლოგები რაჭის შემთხვევაშიც სახიფათო ადგილმდებარეობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

ჰესების მშენებელობის დაწყება მდინარე რიონზე წლის ბოლოსთვის იგეგმება. მანამდე კი მოსახლეობა მასშტაბური საპროტესტო აქციებით იმუქრება.

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი.

დღის ამბები