17 აპრილი 2024,   01:55
ვრცლად
დეკანოზ მამალაძის ადვოკატები გაუთქმელობის მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ

საკონსტიტუციო სასამართლოში გაუთქმელობის მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობაზე მსჯელობა იწყება. სარჩელით ქვეყნის მთავარ სასამართლო ინსტანციას დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა მიმართეს. იურისტები შეეცდებიან დაამტკიცონ, რომ პროკურატურა კანონში აღნიშნულ ჩანაწერს ადვოკატების შესაზღუდად იყენებს - დაცვის მხარეს არ აძლევს უფლებას საქმის მასალებზე ისაუბროს, თავად კი კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაგმენტებს ავრცელებს და საზოგადოებრივი აზრის არასწორად ფორმირებას უწყობს ხელს.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, მაშინ როცა სახელმწიფო ცდილობს დამალოს საკუთარი უკანონო ქმედება, ან სურს, რომ შეიზღუდოს პირის დაცვის უფლება იყენებს ასეთ ანტიკონსტიტუციურ,  ბუნდოვან ნორმებს.

საკონსტიტუციო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის წარმომადგენელი ზაზა ზანგურაშვილი კი აცხადებს, რომ ისინი ასევე ასაჩივრებენ, გაუთქმელობის პირობის დარღვევისათვის დაწესებული სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნორმებს.

,,მოსარჩელე მხარეები სადაოდ ვხდით, საპროცესო კოდექსის იმ ნორმებს, რომლებიც დაცვის მხარეს აკისრებს ვალდებულებას არ გათქვას საქმის მასალები იმ პირობებში, როდესაც პროკურატურას თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ ეტაპზე ნებისმიერი საქმის მასალა გახადოს საჯარო.

ასევე ვასაჩივრებთ ამ ვალდებულებების დარღვევისთვის განპირობებულ სამართლებრივ პასუხისმგებლობას პატიმრობის შესაბამის მუხლებს, რომლებიც პაემნებისა და ზარების უფლებას უზღუდავდა გიორგი მამალაძეს“- აცხადებს ზანგურაშვილი.

ადვოკატებს ბოლო პერიოდში თითქმის ყველა გახმაურებულ საქმეზე გაუთქმელობის დოკუმენტზე მოაწერინეს ხელი, მათ შორისაა ციანიდის საქმე, 51 სკოლის მოსწავლეების მკვლელობა, გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე, კომპანია ,,სალვუსის“ დამფუძნებლის საუბრების ფარულად ჩაწერისა და სხვა საქმეები.

დღის ამბები