დღეს, როდესაც არაერთი სახელმწიფო და განსაკუთრებით რუსეთი, ძალიან აქტიურად იყენებს ჰიბრიდული ომის წარმოების სხვადასხვა საშუალებას და სტრატეგიული კომუნიკაცია არა მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების, არამედ პირდაპირ პოლიტიკის წარმოების უმძლავრესი იარაღი გახდა, ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით აშშ-თან თანამშრომლობა- ეს განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.
რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე გიორგი კვირიკაშვილმა, სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე ტრენინგების პროგრამის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მაქსიმალურად უნდა იქნას მიტანილი მოსახლეობამდე ის სიკეთე, რომელსაც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქმნის საქართველოს პერსპექტივისთვის და დღევანდელობისთვის.
პრემიერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ელჩ იან კელის და საელჩოს, რომლის ფინანსური მხარდაჭერით პროგრამა განხორციელდება.
„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის გვერდში უდგას საქართველოს და ვფიქრობთ, ეს პროგრამა ამ განსაკუთრებული მეგობრობის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულებაა. მინდა, პირადად ბატონ იან კელის გადავუხადო მადლობა თანადგომისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოს რეგიონებში ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაცია გაუმჯობესდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის განცხადებით, შეერთებული შტატები მზად არის სტრატეგიული კომუნიკაციების კუთხით საქართველოს გამოცდილება გაუზიაროს.
„სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარება ნებისმიერი მთავრობისთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ მზად ვართ საქართველოს ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ, რათა ქვეყანამ მიაღწიოს ამ სფეროში დასახულ მიზნებს,“-განაცხადა იან კელიმ.