25 ივნისი 2018,   21:41
ვრცლად
ახმეტის მერიაში ჯგუფურ ქურდობაში ბრალდებულ პირს თანამდებობა საგანგებოდ შეუქმნეს

"ქართული ოცნების" წევრს, რომელიც ჯგუფურ ქურდობაშია ბრალდებული, ახმეტის მერიაში თანამდებობა საგანგებოდ შეუქმნეს. მამუკა ხალხელაური მერიის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახურის უფროსის პოსტზე ოფიციალურ ბრძანებას ელოდება, თუმცა რა შედის მის ფუნქციებში, ამ დრომდე არ იცის.

ბრალდებული პირის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინფორმაცია "რეგინფო"-მ გაავრცელა. ჟურნალისტებმა კახეთში გაარკვიეს, რომ პოსტი სპეციალურად ხალხელაურისთვის შეიქმნა, ოფიციალურად ხალხელაური მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახურის უფროსია, თუმცა რეალურად ე.წ. ოდეერის ფუნქციებს ითავსებს, ანუ ინფორმაციას აგროვებს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აწვდის.

ახმეტის მერი და მისი მოადგილე ამბობენ, რომ ოდეერთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე არაფერი იციან. მერი და მისი მოადგილე არა ოდეერის ინსტიტუტის არსებობას, არამედ ამ პოზიციაზე ხალხელაურის დანიშვნას უარყოფენ.

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ყოფილი პოლიციელი 2013 კახეთის ენერგოკომპანიაში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა. კომპანიის კუთვნილ ქონებას დაეუფლა და ორ სხვა პირთან წინასწარი შეთანხმებით, ფარულად გაიტაცა ენერგოდისტრიბუციის კუთვნილი ათასობით ლარის ღირებულების სპილენძის კაბელები, რომელიც შემდეგ ჯართის სახით გაყიდა.

ოპოზიციის ინფორმაციით, მამუკა ხალხელაური ახმეტის მერიაში დანიშვნამდე ადგილობრივი არჩევნების წინ მმართველი პარტიის სასარგებლოდ აგიტაციას ეწეოდა და ქართულ ოცნებას ხმების მობილიზებაში ეხმარებოდა.

ავტორი: ია გულიაშვილი.

დღის ამბები