23 სექტემბერი 2018,   13:32
ვრცლად
უცნაური შემაკავებელი ორდერი - დეა გოშხეთელიანს პოლიციამ პატიმრობაში მყოფ ყოფილ მეუღლეზე სოციალურ ქსელში სტატუსების გამოქვეყნება აუკრძალა

ოჯახური კონფლიქტი, რომელიც ინტერნეტსივრცეში გაგრძელდა - 22 წლის დეა გოშხეთელიანს პატიმრობაში მყოფ ყოფილ მეუღლეზე სოციალურ ქსელში სტატუსების გამოქვეყნება პოლიციამ აუკრძალა. შემაკავებელი ორდერი გოშხეთელიანს 3-ჯერ გამოუწერეს.

ოჯახურ კონფლიქტში სამართალდამცველები მას შემდეგ ჩაერთნენ, რაც გრიგოლ ბაკურაძემ დეა გოშხეთელიანს სცემა. პოლიციამ ბაკურაძე დააკავა და დაკავებულის მამამ, რომელიც ხონის ფსიქიატრიული კლინიკის დირექტორია, მოგვიანებით სამართალდამცველებს მიმართა და ყოფილი რძლისათვის შემაკავებელი ორდერის გამოწერა მოსთხოვა. მამათილი ოჯახზე შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელებას ეწინააღმდეგებოდა.

სოციალურ ქსელში ამ საკითხზე აქტიურობა პოლიციამ მხოლოდ გოშხეთელიანს არ აუკრძალა. სამართალდამცველებმა შემაკავებელი ორდერით facebook-ზე სტატუსების დაწერა მომხდართან დაკავშირებით ბაკურაძეების ოჯახსაც აუკრძალა.

დეა გოშხეთელიანზე facebook-ში აქტიურობის წინააღმდეგ გაცემული სამი ორდერიდან 1 ქუთაისის სასამართლომ დღეს გააუქმა. თუმცა, აკრძალვა დანარჩენი ორის შედეგად ისევ ძალაში რჩება.

შემაკავებელი ორდერის უსაფუძვლოდ მიჩნევას ყოფილი მამამთილი უსამართლობად მიიჩნევს. არასამთავრობო სექტორი კი ფიქრობს, რომ შემაკავებელი ორდერით სოციალურ ქსელში სტატუსების აკრძალვა გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.

დეა გოშხეთელიანს ყოფილს ქმარს, რომელმაც ცოტა ხნის წინ ციხეში თვითმკვლელობა სცადა და ახლა შიმშილობს, ბრალი 2 მუხლით აქვს წარდგენილი, მათ შორის ოჯახში ძალადობის მუხლით, რომელიც მისივე ოჯახის წევრი არასრულწლოვანის თანდასწრებითაა ჩადენილი.

 

 

 

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი 

დღის ამბები