21 სექტემბერი 2018,   20:46
ვრცლად
google-ის სისტემითაც კი შეუძლებელი იყო მათი მოძებნა - გიორგი მშვენიერაძე იუსტიციის საბჭოს წევრების კვალიფიკაციას აკრიტიკებს

„გადაწყვეტილების მიღება ხდება არა უშუალოდ იუსტიციის საბჭოს სხდომებზე, არამედ გადაწყვეტილებები მიიღება სხდომის მიღმა,“ - ამის შესახებ განცხადება საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ, გააკეთა და აღნიშნა, რომ იუსტიციის საბჭოს სხდომებზე შემდეგ გარეთ მიღებული გადაწყვეტილებების გაფორმება ხდება.

მისი თქმით ამის ძალიან ბევრი მტკიცებულება არსებობს.

გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ უვადოდ დანიშვნის წინააღმდეგი ის არ არის, თუმცა, იუსტიციის საბჭოსადმი ნდობა არის ძალიან დაბალი.

„თავად ის, რომ მოსამართლეები უვადოდ უნდა ინიშნებოდეს, ამაზე კონსესუსი არსებობს და, როდესაც ჩვენი კრიტიკა ისმის იუსტიციის საბჭოსადმი და იქ მიმდინარე პროცესებისადმი, ეს კრიტიკა განპირობებულია არა ვინმესადმი პიროვნული შუღლით, ან ვინმესადმი  პიროვნული დაინტერესებით, არამედ იმით, რომ ჩვენ ვთვლით, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა შესაძლოა, ვერ აღმოჩნდეს იმ მიზნის მისაღწევად ეფექტიანი საშუალება, რის გამოც ეს გარანტიები გაჩნდა კონსტიტუციურ დონეზე,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოს იმ წევრების შესახებ, რომელიც პარლამენტის მიერ არის შერჩეული, ელემენტარული ბიოგრაფია არ არსებობს.

„თავის დროზე ჩემი კოლეგები ხუმრობდნენ, რომ ინტერნეტში google-ის სისტემითაც კი შეუძლებელი იყო მათი მოძებნა და ასეთ ხალხს დაუჭირა პარლამენტმა მხარი,“ - განაცხადა მშვენიერაძემ.

ის თვლის, რომ კონკრეტული პირები იუსტიციის საბჭოდან კონტაქტში არიან ხელისუფლებასთან და შემდგომ იღებენ გადაწყვეტილებებს.

გიორგი მშვენიერაძე უვადოდ მოსამართლედ განწესების კანდიდატებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მათ აქვთ საკმაოდ დაბალი კვალიფიკაცია. 

დღის ამბები