26 აპრილი 2024,   00:53
ვრცლად
პოლიტიკური კრიზისი „ქართულ ოცნებაში“ – ოთარ დანელია თანაგუნდელებს ადანაშაულებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ოთარ დანელია თანაგუნდელებს პოლიტიკურ კრიზისის შექმნაში ადანაშაულებს.

საუბარია მარტვილში „ქართული ოცნების“ შიგნით არსებულ რამდენიმე ჯგუფზე.

"კურიერის" ინფორმაციით, ერთ-ერთ ჯგუფში არის თავად მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ დანელია, მეორე ჯგუფში კი არიან მარტვილის მერი და მარტვილის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე. დაპირისპირება რამდენიმე თვეა გრძელდება და ის უკავშირდება ფრაქციის თავმჯდომარის და მის მოადგილეების დანიშვნას. სადაო თემა იყო სწორედ ის თუ რომელი დაჯგუფების წევრი უხელმძღვანელებდა ფრაქციას.

ოთარ დანელიამ, პრობლემით დაინტერესებისკენ, დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო ტრიბუნიდან მოუწოდა.

„მწიფდება პოლიტიკური კრიზისი, პირდაპირ შემიძლია ვთქვა და ბატონო ირაკლი, მინდა თქვენ მოგმართოთ თხოვნით, როგორც "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივანს, რომ ჩაერიოთ ამ სიტუაციის გარკვევაში. ვინაიდან, ფაქტია, რომ არაჯანსაღი სიტუაციაა და მათ შორის მაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე ჩვენი თანაპარტიელი ასევე ერთგვარად ხელს უწყობს ამ პრობლემების კიდევ უფრო ესკალაციას,“-განაცხადა ოთარ დანელიამ. 

დანელიას განცხადებას დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია გამოეხმაურა, მისი განცხადებით, განსაკუთრებული პრობლემა არ არსებობს და შესაბამისად, ვითარებაში ჩართვის საჭიროებას ვერ ხედავს.

„წინაპირობას, ან მიზეზს ასე ვთქვათ ხაზგასმით საუბრის საჭიროებას იმაზე, რომ რაიმე განსაკუთრებულ საკითხთან გვაქვს საქმე,  ამას ბუნებრივია ვერ ვიტყვით.

ინფორმაცია, რომელიც განცხადების სახით არის დღეს გაცხადებული და გაკეთებული არ იძლევა ჩემი აზრით რაღაც განსაკუთრებული ინტერპრეტაციის საფუძველს და მიზეზს. საჭიროების მიხედვით ადგილზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული. იმის მიხედვით რა საჭიროებაც იარსებებს,“ - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ. 

დღის ამბები