24 სექტემბერი 2018,   03:03
ვრცლად
ანაკლიაში სანაპიროზე გამორიყული თევზის ნარჩენები - ადგილობრივები ეკოლოგიური პრობლემის საფრთხეზე საუბრობენ

ანაკლიაში ზღვის სანაპიროზე გამორიყული თევზის ნარჩენებით შეწუხებული ადგილობრივები პრობლემას უკვე თვეებია ებრძვიან. უსიამოვნო სუნის გამო ანაკლიაში ცხოვრება სულ უფრო გაუსაძლისი ხდება. ადგილობრივები შიშობენ, რომ ქალაქი ეკოლოგიური პრობლემის საფრთხის წინაშეა.

პრობლემის გამომწვევ მიზეზად ადგილობრივები ქართულ წყლებში თურქული თევზსაჭერი გემების შემოსვლას ასახელებენ. ანაკლიელების თქმით, მეზობელი ქვეყნის სეინერებით მეთევზეები ლიცენზიის გარეშე, წითელ წიგნში შეტანილი რამდენიმე სახეობის თევზს მასიურად იჭერენ, გემზე ასუფთავებენ და ნარჩენებს ზღვაში ყრიან.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ თურქული სეინერებს ქართული კომპანიები ქირაობენ. წითელ წიგნში შეტანილი თევზების მათ შორის ასატრინას, ბელუგასა და ქამბალას განადგურების ფაქტებს კი, მონიტორინგის სამსახურში გამორიცხავენ.

თევზჭერაზე დაწესებულ შეზღუდვებს ადგილობრივები უკვე დიდი ხანია აპროტესტებენ. ადგილები, სადაც ქართველებს თევზის ჭერას უკრძალავენ, თურქული გემებისთვის ხელმისაწვდომია. ამას თან ერთვის გარემოს დაცვის სამინისტროს რეგულაციებიც, რომლის მიხედვითაც ზღვაში თევზჭერისთვის ძვირადღირებული სპეცტექნიკაა საჭირო.

მეთევზეები თევზჭერაზე კვოტების გაზრდას უკვე დიდი ხანია ითხოვენ. მათ ამ მოთხოვნით აქციებიც გამართეს. ანაკლიელი მეთევზეები ადგილობრივ ხელისუფლებას გარემოს დაცვის სამინისტროსთან შუამდგომლობას თხოვენ.

მათი მოთხოვნა თევზაობის ნებართვის მიღების შესახებ ამ დრომდე არ დაკმაყოფილებულა, მოუგვარებელი რჩება დასახლებაში უსიამოვნო სუნის პრობლემაც. 

 

ავტორი: ვანო გავაშელი, ემა გოგოხია.

დღის ამბები