20 აპრილი 2024,   16:58
ვრცლად
თავდასხმისა და გატაცების საფრთხე - მუსტაფა ემრე ჩაბუქი მთავარ პროკურორს დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვას სთხოვს 

მუსტაფა ემრე ჩაბუქის უფლებადამცველები საქართველოს მთავარ პროკურორს, ემრე ჩაბუქის და მისი ოჯახის  დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვის მოთხოვნით მიმართავენ.

ადვოკატები აცხადებენ, რომ დემირელის სკოლის ყოფილ მენეჯერს თურქეთის მხრიდან საფრთხე ემუქრება. სოსო ბარათაშვილის თქმით, არ გამოირიცხება თავდასხმა და გატაცება.

„არსებობს პრეცედენტის მეტად საგანგაშო, აზერბაიჯანში, როდესაც ამგვარად საექსტრადიციო პატიმრობიდან გათავისუფლებული პირი, ანალოგიური ბრალდებით, თურქეთის მოქალაქე იქნა გატაცებული და ის აღმოჩნდა თურქეთში. ამის საფრთხე არსებობს. ის შიშობს, რომ არსებობს მასზე თავდასხმის საფრთხე, გატაცების საფრთხე, მისი სიცოცხლე არ არის დაცული და აქედან გამომდინარე მივმართავთ მთავარ პროკურორს, ბატონი მუსტაფა ემრე ჩაბუქის სპეციალური დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვის თაობაზე,“-აცხადებს ადვოკატი სოსო ბარათაშვილი.

თურქეთის ხელისუფლებიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა თავად მუსტაფა ემრე ჩაბუქმაც და მთავარ პროკურორს სთხოვა გამოიჩინოს გულისხმიერება და ის ოჯახთან ერთად სპეციალურ პროგრამაში ჩართოს.

„მიუხედავად ჩემი გათავისუფლებისა, მეც და ჩემი ოჯახიც რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით. რა საფრთხე შეიძლება არსებობდეს, ამაზე დაწვრილებით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ამის საჭიროებას ვხედავ. ამიტომ ვთხოვ შესაბამის სამსახურებს, კიდევ ერთხელ გამოიჩინონ გულისხმიერება და ჩემს ოჯახთან ერთად გარკვეული დროით მეც ჩამრთონ დაცვის პროგრამაში,“-განაცხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა.

დააკმაყოფილებს თუ არა პროკურატურა მუსტაფა ემრე ჩაბუქის მოთხოვნას, რამდენიმე დღეში გაირკვევა.

დღის ამბები