17 აპრილი 2024,   03:19
ვრცლად
"მოიკითხოს ბატონმა პრემიერმა სხვა მოსამართლეებიც და ნახავს, რომ მათი ბიოგრაფიებიც არ არის კარგი"-მესამე სექტორი კვირიკაშვილს პასუხობს

უვადოდ დანიშნულ მოსამართლეებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის კრიტიკას, მესამე სექტორი ეხმაურება. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პრემიერის განცხადებას დაგვიანებულს უწოდებენ.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ გამოიყენა შანსი, ჩაეტარებინა სასამართლოს სიღრმისეული რეფორმა. მისივე თქმით, თუ კი პრემიერი მოიკითხავს სხვა მოსამართლეებსაც, რომლებიც უვადოდ დაინიშნენ, აღმოაჩენს რომ მათი ბიოგრაფიებიც არ არის სუფთა. 

„სასამართლო სისტემაში დაინიშნა უვადოდ ძალიან ბევრი მოსამართლე, რომელთა საქმიანობასთან  დაკავშირებით ჩვენ გვქონდა კითხვის ნიშნები. „ქართულ ოცნებას“ როდესაც ისინი მოვიდნენ  ხელისუფლებაში ჰქონდათ უნიკალური შანსი რომ სიღრმისეული რეფორმები ჩაეტარებინათ სასმართლო სისტემაში და სასამართლო სისტემაში დარჩენილიყვნენ მხოლოდ ღირსეული მოსამართლეები. ასევე სასამართლოში შესულიყვნენ ღირსეული ახალი მოსამართლეები. ეს შანსი მათ არ გამოიყენეს და დღეს მიუხედავად იმისა, რომ სამი ტალღაა რეფორმის ჩატარებული, ჩვენ შედეგი არ გვაქვს და ეს განცხადება არის ნამდვილად დაგვიანებული. მოიკითხოს ბატონმა პრემიერმა სხვა მოსამართლეებიც რომლებიც უვადოდ დაინიშნენ და დარწმუნებული ვარ ნახავს, რომ მათი ბიოგრაფიებიც არ არის კარგი,“-განაცხადა ეკა გიგაურმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებას ეხმაურება საია-ც. ორგანიზაციის პროექტების კოორდინატორის ეკატერინე ციმაკურიძის განცხადებით, პრემიერი იყო საქმის კურსში იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს მესამე ტალღის რეფორმა ვერ გამოიღებდა იმ შედეგებს, რაც უზრუნველყოფდა მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის ობიექტურ პროცესს.

„მიუხედავად იმისა, რომ მესამე ტალღა დიდწილად სწორედ შერჩევა-დანიშვნის პროცესის შერჩევას ისახავდა მიზნად, ამ მხრივ ვხედავთ რომ პრაქტიკაში რეფორმამ არაფერი არ შეცვალა. მოსამართლეები ზუსტად ისევე, როგორც წარსულში ინიშნებოდნენ მხოლოდ სუბიექტური გადაწყვეტილებების საფუძველზე, დღესაც  რეფორმის შემდეგაც, ისინი ინიშნებიან იუსტიციის საბჭოში ასევე არსებულ წევრთა უმრავლესობის სუბიექტური გადაწყვეტილებების მიხედვით,“-განაცხადა ეკატერინე ციმაკურიძემ.

იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილება პრემიერმა გააკრიტიკა. გიორგი კვირიკაშვილს კითხვები უვადოდ დანიშნულ მოსამართლეებთან დაკავშირებით აქვს.

მთავრობის მეთაური ყურადღებას ამახვილებს სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველ მოსამართლე - მანუჩარ კაპანაძეზე.

პრემიერის განმარტებით, აუცილებელია ყველა კითხვას საჯარო პასუხი გაეცეს, თუმცა განცხადებაში არ აკონკრეტებს, ვინ უნდა გასცეს პასუხი ამ კითხვებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები