18 აპრილი 2024,   08:28
ვრცლად
„პანორამა თბილისის“ მშენებლობაზე დასაქმებული მუშა სამუშაოს შესრულების დროს დაიღუპა

ბიძინა ივანიშვილის მრავალმილიონიანი პროექტის „პანორამა თბილისის“ მშენებლობაზე დასაქმებული ლევან ლაფაჩი სამუშაოს შესრულების დროს დაიღუპა. შემთხვევა თაბორის მთაზე ერთი თვის წინ მოხდა. ერთ-ერთი ობიექტის გოლფის კლუბის მშენებლობის დროს ჭერი ჩამოინგრა. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ზედა სართულს, ბეტონის ფილის დასხმის დროს კონსტრუქციის სამაგრებმა ვერ გაუძლო და ათობით კუბი ბეტონის ქვეშ 27 წლის მუშა მოექცა.

ბიძინა ივანიშვილის „პანორამა თბილისის“ მშენებლობაზე მუშა 21 იანვარს გარდაიცვალა, თუმცა მომხდარი "თანაინვესტირების ფონდმაც" და მშენებელმა კომპანიამ დამალეს. ამის შესახებ მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი და ის სააგენტო „აი ფაქტის“ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაახმაურეს. მათ თვითმხილველმა უამბო, როგორ ჩამოინგრა შენობა და რა იყო ნგრევის მიზეზი.

"თანაივესტირების ფონდი," რომლიც ბიძინა ივანიშვილის "პანორამა თბილისს" აშენებს, შენობის ნგრევაზე და მუშის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას სამშენებლო კომპანია „ინსის“ აკისრებს. „ინსში“ „კურიერს“ განუცხადეს, რომ გამოძიება უკვე დაწყებულია და გოლფ კლუბის ზედა სართულის ჩამონგრევის მიზეზი არა სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, არამედ უხარისხო სამშენებლო მასალების გამოყენება იყო.

მშენებლობაზე დაღუპული მუშა, 27 წლის ლევან ლაფაჩი სოფელ ტყვიავში ცხოვრობდა. მას ცოლი და 2 შვილი დარჩა. ოჯახი გამოძიების დასრულებას ელოდება და მანამდე კომენტარს არ აკეთებს.

ავტორები: ნინო გაზდელიანი, იზო ჩუბინიძე. 

დღის ამბები