18 აპრილი 2024,   11:39
ვრცლად
ISIS-ის მებრძოლები სამშობლოში ბრუნდებიან - „ვაშინგტონ პოსტი" საქართველოში „ისლამური სახელმწიფოს“ 50 მებრძოლის დაბრუნებაზე წერს

ISIS-ის მებრძოლები სამშობლოში ბრუნდებიან - საქართველოში დაბრუნებული ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ 50 მებრძოლის შესახებ სტატია „ვაშინგტონ პოსტმა“ ავტორიტეტულ კვლევით ორგანიზაციებზე, "სოუფანის ცენტრისა" და "გლობალური სტრატეგიის ქსელზე" დაყრდნობით გამოაქვეყნა. ავტორის მტკიცებით, საქართველოდან ISIS-ის რიგებში 200 ადამიანი იბრძოდა, საიდანაც უკან 50 დაბრუნდა, ამდენივე კი ამ დრომდე სირიასა და ერაყში რჩება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 50 მებრძოლის დაბრუნების ფაქტს უარყოფენ, თუმცა ადასტურებენ, რომ ცალკეული შემთხვევები დაფიქსირდა.

სირიაში წასულების დიდი ნაწილი ხშირად იცვლის გვარს, მოქალაქეობას და პასპორტს, ამიტომ არ არის გამორიცხული, ისინი საქართველოში სხვა პირადი მონაცემებით შემოვიდნენ. ექსპერტები ამბობენ, რომ ე.წ. „ისლამური სახელწიფოს“ რიგებიდან უკან დაბრუნებულთა იდენტიფიცირება ახლა სახელწმიფოს მთავარი გამოწვევაა.

„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, საქართველოში არა მხოლოდ რამდენიმე ათეული მებრძოლი დაბრუნდა, არამედ ქვეყნის ტერიტორიით ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ იმ მებრძოლებმაც ისარგებლეს, ვინც რუსეთში დაბრუნდა. კვლევის მიხედვით, 3400 რუსი მებრძოლიდან რუსეთში 400 დაბრუნდა და მათი გადაადგილების მარშრუტში სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოც მოხვდა.

„ვაშინგტონის პოსტის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას არ ეთანხმება პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, ისლამურ სახელმწიფოში საქართველოდან არა 200 არამედ, რამდენიმე ათეული პირი იბრძოდა, საიდანაც უმრავლესობა ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

გამოცემის ინფორმაციით, სირიიდან და ერაყიდან ყველაზე მეტი 900 მებრძოლი თურქეთში დაბრუნდა. ევროპაში დაბრუნებულების რიცხვი კი 1200-ია. კვლევის მიხედვით, საერთო ჯამში სამშობლოში დაბრუნებული მებრძოლების რიცხვი 5 ათასზე მეტია. ყველაზე მეტი მებრძოლი კი ისლამურ სახელმწიფოს ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან ჰყავდა და მათი რიცხვი 9 ათასს აღწევდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები