04 აპრილი 2020,   04:11
ვრცლად
ქობულეთელი ოჯახი მეუფე იაკობს შავი ზღვის სანაპიროზე სამსართულიანი სახლის წართმევაში ადანაშაულებს

ქობულეთელი ოჯახი პატრიარქის ქორეპისკოპოსს შავი ზღვის სანაპიროზე სამ სართულიანი სახლის წართმევაში ადანაშაულებს. ბეჟანიძეებს სახლი აღარ ეკუთვნით და უახლოეს დღეებში უნდა დაცალონ.

ბანკში სესხის უზრუნველყოფის მიზნით ჩადებული სახლი ორი წლის წინ აუქციონზე გაიყიდა და ის მოქალაქე გიორგი სლანოვმა შეიძინა. ოჯახი ამტკიცებს, რომ სლანოვი ფიქტიური მფლობელია და რეალურად, აპარტამენტები პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა, იყიდა.

სახლის ყოფილი მეპატრონე ამბობს, რომ პატრიარქის ქორეპოსკოპოსის გარემოცვიდან  მუქარის გზავნილი მიიღო.

სახლის აუქციონზე გატანის შემდეგ ბეჟანიძესა და სლანოვს შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ მიმდინარეობს. სახლის ახალი მფლობელი, რომელმაც ეს ტერიტორია აუქციონზე 150 ათას დოლარად იყიდა, ახლა 200 ათასი დოლარით მეტის გადახდას ითხოვს.

კონფლიქტის შემდეგ ბეჟანიძეები ილია მეორესთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა, პატრიარქთან არ შეუშვეს. ამის შემდეგ ილია მეორეს ოჯახმა წერილი გაუგზავნა, სადაც მეუფე იაკობს ამხელდა და დახმარებას ითხოვდა. წერილის გაგზავნიდან წელიწადნახევრის შემდეგ ოჯახს პასუხი არ მიუღია.

21 თებერვალს ბეჟანიძეების სახლთან აღსრულების ბიუროს წარმომადგენლები მივიდნენ. პოლიციის თანამშრომლებს ბინის ახლანდელი მეპატრონის მოთხოვნით სახლი უნდა გაეთავისუფლებინათ. ადგილზე გიორგი სლანოვიც იმყოფებოდა. ის ამბობს, რომ მეუფე იაკობს არ იცნობს და პატრიარქის ქორეპისკოპოსს სახლის შეძენასთან საერთო არაფერი აქვს.

რამდენიმედღიანი მცდელობის მიუხედავად, ბოდბელმა ეპისკოპოსმა კურიერთან კომენტარი არ გააკეთა.

 

 

 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე 

დღის ამბები