05 აპრილი 2020,   23:51
ვრცლად
გზავნილი იყო ის, რომ საქართვლოს პატრონი არ ჰყავს – ნოდარ ხარშილაძე იან კელის განცხადებას აფასებს

„გზავნილი იყო ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა თქვა, რომ საქართვლოს პატრონი არ ჰყავს, პრაქტიკულად. პირველი განცხადების ერთი ნაწილი ეს იყო, რომ თქვენ თუ ვერ დასახავთ თქვენ მიზნებს, სხვა დაგისახავთო,“ - საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ, იან კელის სამწლიანი საქმიანობის დასასრულს გაკეთებულ განცხადებებს აფასებს.

განცხადება ხარშილაძემ გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში გააკეთა.

ხარშილაძის თქმით, იან კელის განცხადებაში იკითხებოდა, რომ საქართველოში დემოკრატიულ რეფორმებს გაგრძელება სჭირდება.

„გაფრთხილებაა, რომ ეს ყველაფერი ნელდება და უფრო და უფრო იზრდება ჩვენი საფრთხე,“ - განაცხადა ხარშილაძემ.

ის აცხადებს, რომ უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ ქვეყანას კარგად მართავენ და იმ დროს, როდესაც ისინი უცხოელებისგან რაიმე შენიშვნას იღებენ, ეს მათ აღშფოთებას იწვევს.

„ჩემი აზრით, ეს კომპლექსი იქიდან გამომდინარეობს, რომ ხელისუფლება თავისი არსით ხვდება, რომ ბევრ რამეს ვერ აკეთებს და განსაკუთრებით კომპლექსიანია მათი მიდგომა წინა ხელისუფლებასთან შედარება,“ - აღნიშნავს ხარშილაძე.

ის ამბობს, რომ ხელისუფლება ვერ სახავს კონკრეტულ მიზანს და ამას ვერ ასრულებს და ის, რისი გაკეთების სურვილიც აქვს, მისი შესრულების კომპეტენციის ნაკლებობა აქვს.  

დღის ამბები