20 აპრილი 2024,   03:53
ვრცლად
"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მზადაა ტატუნაშვილის საქმის გამოძიებაში ჩაერთოს"-ევროკომისიის სპეციალური განცხადება

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ევროკომისიის სპიკერმა საგარეო ურთიერთობების, უსაფრთხოების, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა. მან მომხდარს შემაშფოთებელი უწოდა და მზადყოფნა გამოთქვა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გამოძიებაში ჩაერთოს. 

"სამხრეთ ოსეთში (საქართველო) განვითარებული უკანასკნელი მოვლენები, კერძოდ კი საქართველოს მოქალაქის, ბატონ არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული დაღუპვა და ორი სხვა მოქალაქის დაკავება ძალიან მძიმე შეშფოთების საგანია. ვუსამძიმრებთ ბატონ ტატუნაშვილის ოჯახს. ევროკავშირი მზადაა, თავისი სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით, მხარი შეუწყოს მიმდინარე გამოძიებას და იშუამავლოს დისკუსიებში ინციდენტების პრევენციისა და მხარდაჭერის მექანიზმისა და მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით. საქართველოს ორი დაკავებული მოქალაქის გათავისუფლების შემდეგ ველით, რომ ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება სასწრაფოდ შეუწყობს ხელს მათ გამგზავრებას თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანასკნელი პროცესები ხაზს უსვამს ღიაობისა და ნდობის დამატებითი გაძლიერების აუცილებლობას. ევროკავშირი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს სამშვიდობო პროცესსა და საქართველოში კონფლიქტის გადაჭრას, მათ შორის თანათავმჯდომარეობით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და ადგილზე მონიტორინგის მისიით. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში,"-ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები