25 აპრილი 2024,   17:51
ვრცლად
აქცია ნატახტართან - ტატუნაშვილის ოჯახის წევრებთან შესახვედრად დიმიტრი ხუნდაძე მივიდა

სოფელ ნატახტართან, სადაც ამ წუთებში არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი და მისი ახლობლები აქციას მართავენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე მივიდა.

ხუნდაძის თქმით, ამ დრომდე საქართველოს ხელისუფლება მოლოდინის რეჟიმშია. მისი განცხადებით, ამ წუთებში დეპუტატები საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან.

"მოლოდინის რეჟიმში ვართ. რთულია როცა მოწინააღმდეგე არ ითვალისწინებს, არც სამართლებრივ და არც ადამიანურ კანონს... ძნელია ემოციების გარეშე. საერთაშორისო თანამეგობრობა  არის აქტიურ რეჟიმში ჩართული და ვცდილობთ, პირველ ეტაპზე შესაძლებელი გახდეს საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს. უპირველეს ყოვლისა ის, რომ ოჯახმა შეძლოს საკუთარი შვილი დაიტიროს. მოუკლეს და შვილის დატირების საშუალებას არ აძლევენ -ამას ვამბობს, ეს ადამიანურ ურთიერთობაში არ ჯდება. ჩვენ ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ. სიახლე არის ის რომ დეპუტატები ახლა იმყოფებიან საერთაშორისო თანამეგობრობასთან შეხვედრაზე, მართავენ შეხვედრებს და ველოდებით ინფორმაციას,“-ამბობს ხუნდაძე.

აქცია სოფელ ნატახტართან ერთ საათზე ნაკლებია რაც მიმდინარეობს. ტატუნაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები ცხედრის გადაცემას ითხოვენ. ისინი ადგილზე ხელისუფლების ჩამოსვლას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან.

ადგილზე ხუნდაძის მისვლის მიუხედავად აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ, მინისტრთა კაბინეტის წევრებისა და სუს-ის ხელმძღვანელის ჩასვლას და კითხვებზე პასუხებს ითხოვენ.

დღის ამბები