24 აპრილი 2024,   04:54
ვრცლად
„გამოძიება უნდა დაინტერესდეს ყველა იმ პირით, ვინც დაასახელა კოტე ციხისთავმა“-ვახო სანაია მისი ძმის მკვლელობის საქმის ხელმეორედ გამოძიებას ითხოვს

ვახო სანაია მისი ძმის მკვლელობის საქმეზე გამოძიების ხელმეორედ ჩატარებას ითხოვს. ჟურნალისტი ამბობს, რომ გიორგი სანაია შეკვეთილი, პოლიტიკური მკვლელობის მსხვერპლია და ჩატარებული გამოძიება თავიდან ბოლომდე ფარსია. ცნობილი ტელე-ჟურნალისტის მკვლელობის შესახებ P.S- ში გასული რეპორტაჟის შემდეგ, ვახო სანაია მთავარ პროკურატურაშიც გამოკითხეს. გამომძიებლები ახალი გარემოებებით დაინტერესდნენ, კერძოდ კი პატიმარ კოტე ციხისთავის მიერ გაკეთებული სატელევიზიო განცხადებით. ციხისთავი სანაიას მკვლელობის შემკვეთებად ყოფილ მაღალჩინოსნებს ასახელებს. ვახო სანაია ითხოვს, რომ სწორედ ციხისთავის მიერ გახმოვანებული ახალი დეტალებით უნდა დაინტერესდეს გამოძიება. 

„ყველა ის პირი, რომელიც  მოხსენიებულია კოტე ციხისთავის სატელევიზიო განცხადებებში, ყველა ამ პირის მიმართ გამოძიებას უნდა ჰქონდეს ინტერესი. ლეგიტიმაცია აქვს პროკურატურას. მისი გასაკეთებელია ეს საქმე და რატომ არის რომ ჩვენ 17 წელია მუდმივად ვიძახით, რომ სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ეს. სახელმწიფომ უნდა დაადგინოს სიმართლე. პანკისის თემა იყო ყოველთვის ერთ-ერთი ვერსია გიორგისთან დაკავშირებით ხომ, თავიდანვე, პირველივე დღეებიდანვე. რატომ? იმიტომ რომ გიორგი მუდმივად აშუქებდა პანკისის თემას. სიცოცხლის ბოლო დღეებში განსაკუთრებით. თუ დადასტურდა ის, რომ ხურცილავას და პანკისურ ჯგუფს რაღაც კავშირი ან კონტაქტი ჰქონდათ ეს სიახლე უნდა იყოს გამოძიებისთვის,“-განაცხადა ვახო სანაიამ. 

დღის ამბები