19 აპრილი 2024,   19:23
ვრცლად
გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ციხისთავის განცხადებებზე პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო

კოტე ციხისთავის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, პროკურატურამ საკითხის შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ განცხადება მთავარი პროკურორის მოადგილემ გააკეთა. გიორგი გაბიტაშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე ის ვერ დაასახელებს ვისი გამოკითხვა მოხდა გიორგი სანაიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, თუმცა იმას ადასტურებს, რომ სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადებებით საგამოძიებო უწყება დაინტერესდა. ასევე გიორგი გაბიტაშვილი ამბობს, რომ თამაზ თამაზაშვილის დაკითხვა ამ საქმეზე არ მომხდარა. სწორედ ის დაასახელა ციხისთავმა გიორგი სანაიას მკვლელობის ერთ-ერთ თანამონაწილედ. 

„მიმდინარეობს საკითხის შესწავლა, რის შემდეგაც იქნება მიღებული გადაწყვეტილება,“-განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.  

თავად თამაზ თამაზაშვილის ციხისთავის განცხადებებს აბსურდულს უწოდებს. მისმა უფლებადამცველმა უკვე მიმართა პროკურატურას და მოითხოვა კოტე ციხისთავის განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება.

კოტე ციხისთავის განცხადებებთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებამ გამოკითხა გიორგი სანაიას ძმა, ვახო სანაია, რომელმაც პროკურატურას მსჯავრდებულის მიერ დასახელებული პირებით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ ციხისთავი რამდენიმე დღის წინ დაუკავშირდა P.S. -ს და თქვა, რომ გიორგი სანაიას მკვლელობა არის პოლიტიკური მოტივით შეკვეთილი მკვლელობა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები