21 სექტემბერი 2019,   05:31
ვრცლად
ციხისთავის სკანდალური ინტერვიუ-15 წლის შემდეგ, პროკურატურა გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეს უბრუნდება

15 წლის შემდეგ, საგამოძიებო უწყება გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეს უბრუნდება.

„რუსთავი 2“-ის ეთერში გასული რეპორტაჟის და მსჯავრდებულ კოტე ციხისთავის განცხადების შემდეგ, პროკურატურამ ახალ გარემოებებზე მოკვლევა დაიწყო. მთავარი პროკურორის მოადგილემ დღეს არ უპასუხა კითხვას - გამოკითხეს თუ არა ხმაურიანი განცხადების ავტორი - მსჯავრდებული კოტე ციხისთავი. თუმცა თქვა, რომ პროკურატურას არ დაუკითხავს თამაზ თამაზაშვილი, რომელიც ციხისთავმა სანაიას მკვლელობის საქმის ერთ-ერთ მონაწილედ დაასახელა.

მოკლული ჟურნალისტის ოჯახის წევრები, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გამომძიებლებს უკვე მეორედ შეხვდებიან. გიორგი სანაიას ძმა, ვახო სანაია პროკურატურისგან ხელახალ გამოძიებას და კოტე ციხისთავის მიერ გასაჯაროებული დეტალების მოკვლევასა და დასახელებული პირების დაკითხვას მოითხოვს.

ინფორმაცია, რის საფუძველზეც პროკურატურამ მოკვლევა უკვე დაიწყო, მსჯავრდებულმა კოტე ციხისთავმა გასულ კვირას, გადაცემა P.S.-ს მიაწოდა. ის ღიად ამბობს, რომ გიორგი სანაიას მკვლელობა მაშინდელმა ხელისუფლებამ პოლიტიკური მოტივით შეუკვეთა. საქმის ერთ-ერთ თანამონაწილედ ის თამაზ თამაზაშვილს ასახელებს, რომელიც მაშინ ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანი იყო და კახეთის სამხარეო სამმართველოს ხელმძღვანელობდა. მსჯავრდებული ციხისთავი ამტკიცებს, რომ გრიგოლ ხურცილავა, რომელმაც გიორგი სანაიას მკვლელობისთვის სასჯელი უკვე მოიხადა, შემსრულებელი არ არის და რომ ცნობილი ტელეწამყვანი კრიმინალურმა ავტორიტეტმა - შოთა ჭიჭიშვილმა მოკლა. მიზეზი კი პანკისის ხეობაში იმ დროს მიმდინარე პროცესებია, რომელსაც მოკლული ჟურნალისტი აქტიურად იძიებდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები