24 აპრილი 2024,   01:28
ვრცლად
"დანაშაულზე პასუხისმგებელი ყველა პირი, კანონის წინაშე უმკაცრესად აგებს პასუხს,“ - შსს ორბელიანის მოედანზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე

ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც ერთი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა,  შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადება გაკეთდა. უწყებაში განმარტავენ, რომ დანიშნულია ექსპერტიზები და ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება.

უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო.

„სამწუხაროდ, დღეს თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი შენობის ფასადის მინა ჩამოვარდა, რის შედეგადაც 6 ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანი დაშავდა. 6-ვე მათგანი 70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები თბილისის სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაშავებულთაგან ერთ-ერთი, 14 წლის მოზარდი მიღებული დაზიანების შედეგად, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. დანარჩენი მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ამ მძიმე ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მყისიერად დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. დანაშაულზე პასუხისმგებელი ყველა პირი, კანონის წინაშე უმკაცრესად აგებს პასუხს,“ - განაცხადა ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ.

შეგახსენებთ, ორბელიანის მოედანზე, სახელმწიფო ელექტრო სისტემის შენობიდან შუშა ჩამოვარდა, რომელიც გამვლელებს დაეცა. ყველა დაზარალებული სკოლის მოსწავლეა. სულ შემთხვევის შედეგად სულ 6 მოზარდი დაშავდა, მათგან ერთი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

დღის ამბები