24 აპრილი 2024,   03:34
ვრცლად
კორუფციული სკანდალი - საკრებულოს უმრავლესობის წევრი ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული

საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატი, თემურ გორგაძე უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა. დადგენილია, რომ გორგაძე 7000 დოლარის სანაცვლოდ, მოქალაქეს პატიმრის ნათესავის გათავისუფლებას პირდებოდა.

საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატი დაზარალებულს არწმუნებდა, რომ შეწყალების კომისიაში საკუთარ გავლენას გამოიყენებდა და მსჯავრდებულს პრეზიდენტი შეიწყალებდა. მმართველი პარტიის წევრი, დღეს მას შემდეგ დააკავეს, რაც ქრთამის ნაწილი 3500 დოლარი წინასწარ მიიღო.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თემურ გორგაძეს 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თემურ გორგაძემ საკრებულოს დეპუტატის მანდატი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მიიღო. საკრებულოს წევრების გარდა, მას კარგად იცნობს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ნაწილი.

2014-დან 2016 წლამდე ის კრწანისში დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის ბიუროს ხელმძღვანელობდა, 2016 წელს კი ამავე რაიონში პარლამენტის დეპუტატის, ბექა ოდიშარიას ბიუროს უფროსიც იყო, მოგვიანებით კი პარტია „ქართული ოცნების“ კრწანისის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის პოსტზე მუშაობდა.

დღის ამბები