18 აპრილი 2024,   15:22
ვრცლად
"ჩამოვარდა შუშა და თავზე დაეცა" - თბილისში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის თვითმხილველები გამოკითხვაზე იმყოფებიან

ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის თვითმხილველები ამ დროისთვის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან. მათ გარდა, სამართალდამცავები ინფორმაციას შემთხვევის ადგილზე მყოფი მოზარდების მშობლებისგანაც იღებენ.

პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან ის მოსწავლეებიც, რომლებიც შემთხვევას შეესწრნენ. 

„ჩამოვედით გაჩერებაზე . ორი წუთის შემდეგ ჩემ კლასელი ცოტა გვერძე გავიდა. ჩამოვარდა შუშა და თავზე დაეცა,“-ამბობს ერთ-ერთი მოსწავლე ნიკა აკოპოვი, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. 

ფონიჭალის 70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ შუშა შენობიდან მაშინ ჩამოვარდა, როდესაც ექსკურსიაზე მყოფი ბავშვები მასწავლებელს ერთად ჰყავდა თავმოყრილი და მათ სიას კითხულობდა. ამ დროს შემთხვევის ადგილზე 16 მოზარდი იმყოფებოდა.

ელექტრო სისტემის შენობიდან ჩამოვარდნილი შუშა 6 მოსწავლეს დაეცა. ერთისთვის ეს შემთხვევა საბედისწერო აღმოჩნდა. 14 წლის მოზარდი საავადმყოფოში თავის არეში მიღებული ჭრილობით გარდაიცვალა.

„მასწავლებელმა წაიყვანა ბავშვები, რომ ქალაქში გასულიყვნენ ერთად. დაახლოებოდა უფრო მეტად ბავშვებს, თან ახალი იყო დამრიგებელიც და ბავშვებთან კონტაქტში შევიდა. მაგ მიზნით წავიდნენ „მაკდონალდში“. გაჩერებაზე იდგნენ, აგროვებდა ბავშვებს ერთად, რომ სია უნდა ამოეკითხა და ამ დროს ჩამოვარდა შუშა. 16 ბავშვი იყო,“-განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები