23 სექტემბერი 2018,   05:39
ვრცლად
სავარაუდო კორუფციული გარიგებები - სამოქალაქო სექტორი ოთარ ფარცხალაძის გავლენით გამოუძიებელ საქმეებზე საუბრობს

სამოქალაქო სექტორი ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის გავლენით გამოუძიებელ საქმეებზე საუბრობს. არასამთავრობო ორგანიზაციებში დარწმუნებულები არიან, რომ მის მიერ საგამოძიებო ორგანოებზე არსებული არაფორმალური გავლენის გამო, მთავარი პროკურატურა ფარცხალაძის კომპანიასა და თბილისის მერიას შორის სავარაუდო კორუფციული გარიგების ფაქტს არ იძიებს.

მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ, ფარცხალაძის კომპანიისთვის ქონების არამართლზომიერი გზით გადაცემის ფაქტზე გამოძიებას არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო აუდიტის დასკვნის საფუძველზე ითხოვენ.

გარდა ამისა, სამოქალაქო სექტორი პასუხს ითხოვს, რა შედეგი დააყენა გამოძიებამ ოთარ ფარცხალაძის მიერ მთავარი აუდიტორის ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე.

ლაშა თორდიას ცემის ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ზეპირი ფორმით განმარტავენ, რომ გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს და საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, რომელიც მაკონტროლებელმა უწყებამ 15 თებერვალს გამოაქვეყნა, თბილისის მერია ყოფილი მთავარი პროკურორის კომპანიას უკონკურენტო პირობებს უქმნიდა. შედეგად კი ოთარ ფარცხალაძეს თბილისში, საბურთალოს რაიონში მიწა არსებულ საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით ნაკლებ, თითქმის, ნახევარ ფასად გადაეცა.

დღის ამბები