20 აპრილი 2024,   07:07
ვრცლად
რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციის ორი პროექტი პარლამენტში - ოპოზიციის და მმართველი გუნდის მოთხოვნები სანქციებზე განსხვავებულია

რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციის ორი პროექტი - საპარლამენტო უმცირესობა კრემლის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს.

პარლამენტის საორგანიზაციო კომიტეტში დღეს ერთ საკითხზე რეზოლუციის 2 პროექტი შევიდა. ერთის ავტორი „ევროპული საქართველო“, მეორეს კი „ქართული ოცნებაა“.

ოპოზიციის პროექტში წერია, რომ საქართველომ ოკუპანტების წინააღდეგ სანქციები უნდა დააწესოს, მმართველი გუნდის პროექტში კი ასეთი ჩანაწერი არ არის.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, ე.წ მაგნიცკის სიის ანალოგი იქნება. საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით უნდა შედგეს რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და დეფატო ხელისუფლებების წარმომადგენელთა კონკრეტული სია, ვინც საქართველოს მოქალაქეების წამებასა და სიცოცხლის მოსპობაში არიან ბრალდებულები.

მმართველი გუნდი ფიქრობს, რომ პირველ რიგში უნდა მოხდეს ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა, შემდეგ საერთაშორისო გამოძიება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორების დაშვება.

ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მაგნიცკის სიის მსგავსს პრეცედენტს მიესალმება ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი, რომელიც ევროპარლამენტში ამ სიის მიღების ინიციატორი იყო.

მაგნიცკის აქტი აშშ-ის კონგრესმა 2012 წელს დაამტკიცა. ფინანსური და სავიზო სანქციები სხვადასხვა ქვეყანამ და საერთაშორისო ინსტიტუტმა იმ რუს მოხელეებს დაუწესა, რომლებსაც კავშირი აქვთ 2009 წელს იურისტ სერგეი მაგნიცკის ციხეში გარდაცვალებასთან ჰქონდათ კავშირი.

დღის ამბები