20 აპრილი 2024,   03:16
ვრცლად
წერაქვებით გამონგრეული კედლები მე-6 საუკუნის ტაძარში - განძის მაძიებლები კულტურულ მემკვიდრეობას ანადგურებენ

პანკისში, ბირკიანის ტყეში მეექვსე საუკუნის ტაძარს კედელი მოანგრიეს და საძირკველი გათხარეს. განძის მაძიებლები ღვთისმშობლის ეკლესიაში ძვირფასეულობას ეძებდნენ. მათ პირველად ტაძრის შიგნით, სასულიერო პირის სამარხი გათხარეს. 

ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ტაძრის კედლები პირველად არ გამოუნგრევიათ და ეს პროცესი დიდი ხანია, გრძელდება, დაზიანებების ნაწილი ძველია, დანარჩენი ახალი.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ ტაძრის ირგვლივ შესაძლოა, ოქრო იყოს დამარხული.

უხუცესები ყვებიან, რომ საკუთარ ეზოებში ძვირფასი ლითონის ნაკეთობები, ვერცხლის სამკაულები და სხვადასხვა მონეტა აღმოუჩენიათ. პანკისელებმა არ იციან, რომ უძველესი ძეგლის დაზიანება სისხლის სამართლის დანაშაულია.

პანკისში ბირკიანის ტყეში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევის შემდეგ დანაშაულის ფაქტი ვერ დაინახა და ძიება შეწყვიტა.

 

ავტორი: ია გულიაშვილი.

 

დღის ამბები