19 აპრილი 2024,   22:32
ვრცლად
ეს გულისტკივილზე ბევრად მეტი უნდა იყოს - გიგა ბოკერია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება

„ჩემთვის ეს არის ერთიანი, ივანიშვილის, "ქართული ოცნების“ მთავრობა, რომელიც სხვადასხვა ფორმით, ყველგან, ახდენს უგულებელყოფას კანონის უზენაესობის ანგარიშვალდებულების, პარლამენტის და ხალხის მიმართ,“ - ეს განცხადება, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილემ, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების  შეფასებისას გააკეთა.

ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტში ცვლილებებზე მუშაობას იწყებს, რათა დეპუტატებმა უფრო მარტივად დაიბარონ მთავრობის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანში და კონკრეტულ საკითხებზე ანგარიში მოითხოვონ.

გიგა ბოკერიას თქმით, „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნის მიუხედავად რამდენიმე მინისტრი პარლამენტში საერთოდ არ მივიდა.

„ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა ის, რომ წელიწადნახევარია არცერთი მინისტრი, ჩვენი ფრაქციის „ევროპული საქართველოს“ არცერთი მოთხოვნის შედეგადა არ მოსულა პარლამენტში, ასე პირდაპირ, უტიფრად უგულებელყოფენ კანონს. ეს გულისტკივილზე ბევრად მეტი უნდა იყოს," - აცხადებს ბოკერია.

გიგა ბოკერიას თქმით, ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შეიცვლება.

„ორი მინისტრი დავიბარეთ, საგარეო საქმეთა მინისტრი და ფინანსთა მინისტრი და ჯერ პასუხიც არ გვაქვს. ეს არის მთავარი პრობლემა და ეს უნდა შეიცვალოს და ჩვენ ამისთვის მივმართავთ ყველა დემოკრატიულ ზომას, მაგრამ საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შეცვლა გულისხმობს, მთლიანად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლას დემოკრატიული არჩევნების გზით,“ - განაცხადა ბოკერიამ. 

დღის ამბები