25 აპრილი 2024,   02:25
ვრცლად
ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული რეზოლუცია ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე-ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა დოკუმენტები ბიუროზე წარადგინეს

არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის საკითხზე პარლამენტის ბიუროს რეზოლუციის ორი პროექტი წარედგინა. ერთი მმართველ გუნდს, მეორე კი "ევროპულ საქართველოს" ეკუთვნის.

ერთმანეთისგან ეს რეზოლუციები იმით განსხვავდება, რომ "ევროპული საქართველო" ე.წ. "მაგნიცკის სიის" ანალოგის- "ოთხოზორია -ტატუნაშვილის სიის" შექმნას ითხოვს, რომელშიც საქართველოს მოქალაქეების წამებასა და სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებულ პირებს შეიყვანენ. ყველას, ვინც ამ სიაში მოხვდება საერთაშორისო სანქციები დაემუქრება. მმართველი გუნდის ვარიანტი კი ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას, საერთაშორისო გამოძიებას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორების დაშვებას ითხოვს.

უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ "ევროპული საქართველო" მზადაა დათმობაზე წავიდეს და რეზოლუციის მმართველი გუნდის ვარიანტს დაეთანხმოს, თუ ოცნება ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ მთავარ მოთხოვნებს გაითვალისწინებს და რეზოლუციის ტექსტში დამატებით სანქციების პუნქტებს შეიტანს.

"ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ, რომ  ოპოზიციასთან კონსულტაციები იქნება და გადაწყვეტილებას უმრავლესობა მიიღებს.

რეზოლუციის საბოლოო ვარიანტს პარლამენტი 7 მარტს სესიაზე გაიტანს. 

დღის ამბები