19 აპრილი 2024,   02:33
ვრცლად
წმინდა სინოდის მღვდელმთავრების საიდუმლო შეხვედრა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან

წმინდა სინოდის გავლენიანი მღვდელმთავრები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი, ფოთელი მიტროპოლიტი გრიგოლი და კიდევ რამდენიმე სასულიერო პირი დღეს ბრიტანეთის საელჩოში ელჩებს ხვდებოდნენ.

საუბრის მთავარი თემა რუსული პროპაგანდის და რუსული საფრთხეების განეიტრალება იყო.

წმინდა სინოდის წევრები შეხვედრის დასრულების შემდეგ ამბობენ, რომ ის არაფორმალური იყო, რომლის მიზანი იმ ოფიციალური შეხვედრების შეჯამება იყო, რომლებიც ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა დასავლეთში გამართეს.

„არავისთვის არ არის უცხო, რომ პროპაგანდა მიმდინარეობს, რომ ბოროტება და უბედურება დასავლეთიდან მოდის და ეს მაინც მიმართულია საზოგადოების დეზორიენტაციისთვის მაშინ, როცა ქვეყანას სერიოზული ამოცანები აქვს განსახორციელებელი,“ - განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა.

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა, გულისტკივილი გამოხატა, რომ რუსეთს საქართველოსთან სათანადო ურთიერთობა არა აქვს.

„დღევანდელ დღეს ჩვენ გულისტკივილით აღვნიშნავთ და გამოვხატავთ, რომ რუსეთი სათანადოდ არ აფასებს საქართველოს და სათანადო ურთიერთობა არა აქვს. ეს გულისტკივილი არის. გადის დრო, არ იცვლება ურთიერთობა არც აფხაზეთში, არც ოსეთში. ხედავთ, რაც ხდება საერო მხარეზე, ასევე საეკლესიო მხრივაც. გვინდა, რომ ჯანსაღი ურთიერთობა იყოს, მაგრამ პოზიტივს ვერ ვხედავთ,“ - განაცხადა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში წმინდა სინოდის გავლენიანი მღვდელმთავრები ბრიუსელსა და ვაშინგტონში რამდენიმე ოფიციალური ვიზიტით ჩავიდნენ.

დღევანდელ შეხვედრას დიპლომატებთან წინ უძღვოდა ფოთელი ეპისკოპოსის ქადაგება, რომლის დროსაც მეუფე გრიგოლმა რუსულ აგრესიასა და საზოგადოების იმ წარმომადგენლებზე ისაუბრა, რომლებიც დღემდე ოკუპანტს ემსახურებიან. წმინდა სინოდის წევრი მიმართვაში წერს, რომ დღესაც საქართველოში არიან რუსულ წიაღში აღზრდილი მოღვაწეები რომლებიც რუსული ინტერსების გატარებას ცდილობენ.

 

დღის ამბები