20 აპრილი 2024,   14:48
ვრცლად
არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმე - ადვოკატი ამბობს, რომ კონკრეტული პირები მოწმეებს ჩვენებებს აზეპირებინებენ

საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება. პროცესზე ბრალდების მოწმეს იმ არასრულწლოვანს უსმენდნენ, ვინც სისხლიან დაპირისპირებაში მონაწილეობდა.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ ამ საქმის ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა მოწმეებმა გამოძიებისთვის მიცემული ჩვენები არა ერთხელ შეცვალეს.  

„მე იშვიათად მინახავს სისხლის სამართლის საქმეში მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ასე კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, იშვიათად მინახავს საქმე, სადაც აბსოლუტურად ყველა მოწმე, რომელიც დაიკითხა სასამართლოში ჯერჯერობით, კატეგორიულად ცვლის გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას უმნიშვნელოვანეს მომენტებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.

დაცვის მხარე ფიქრობს, რომ მოწმეებს კონკრეტული პირები ჩვენებებს აზეპირებინებენ. 

„არსებობს განცდა და ნებისმიერ ადამიანს უნდა გაუჩნდეს ეს განცდა, ვინც მოისმენს ამ მოწმეთა ჩვენებებს, რომ კონკრეტული პირები აზეპირებინებენ მოწმეებს ჩვენებებს, ატრენინგებენ, ავარჯიშებენ, თუმცა საქმე იმაშია, რომ სიმართლე არის ძალიან ძლიერი,“ - ამბობს ადვოკატი.

უფლებადამცველის განცხადებას, მოწმეების მიერ ჩვენებების სავარაუდო შეცვლის შესახებ, პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ სიცრუე უწოდა. 

„ეს არ არის მოწმის მიერ ჩვენების შეცვლა, მოწმემ ისაუბრა მის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებში ასახულ დეტალებზე, ასევე მოწმის დაკითხვის დროს მოხდა გარკვეული დეტალების დაზუსტება,“ - განაცხადა პროკურორმა.

დღის ამბები