20 აპრილი 2024,   16:17
ვრცლად
"ყველა მოწმის ჩვენება ეწინააღმდეგება ერთმანეთს "- სასამართლომ 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმის მთავარი მოწმეები დაკითხა

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმეზე ბრალდების მოწმეთა დაკითხვა დასრულდა. მომდევნო პროცესი 14 მარტისთვის ჩაინიშნა.

დღევანდელ პროცესზე კი 51-ე სკოლის ე.წ. საკვანძო მოწმეები დაკითხეს. ბრალდების მხარეს სამი მოწმე ჰყავდა წარმოდგენილი. სამივე მათგანი მონაწილეობდა ორივე ინციდენტში-51-ე სკოლის საპირფარეშოში დაწყებულ კონფლიქტში და ასევე, ისინი იმყოფებოდნენ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ადგილზე.  

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა განაცხადა, მოწმეები ფაქტობრივ გარემოებებს ცვლიან და მათი სასამართლო დარბაზში ნაამბობი მკვეთრად განსხვავებულია გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენებისგან. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ მოწმეებს ჩვენების ტექსტს აზეპირებინებენ.

„აბსოლუტურად ყველა დაკითხული მოწმის ჩვენება ეწინააღმდეგება ერთმანეთს უამრავ დეტალთან დაკავშირებით. ასევე გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებისგან ძალიან განსხვავდება. როდესაც მოწმეები სიმართლეს ამბობენ და არ ტყუიან, მათი ჩვენებები უნდა იყოს მსგავსი,“-განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.

ბრალდების მხარე კი ადვოკატების განცხადებებს დაცვის მხარის სტრატეგიად აფასებს და აცხადებს, რომ მოწმეების მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებები ემთხვევა იმ ჩვენებებს, რომლებიც მათ გამოძიების პროცესში მისცეს.

„სასამართლო სხდომაზე დაკითხულ არც ერთ მოწმეს ჩვენება არ შეუცვლია. არც ერთი მოწმე არ საუბრობს განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებების თაობაზე. მე ვერ გეტყვით დაცვა რატომ აკეთებს მსგავს განცხადებებს  თითქოს და მოწმეები ცვლიან ჩვენებებს,“-განაცხადა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ.  

დღის ამბები