20 აპრილი 2024,   16:20
ვრცლად
118 არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტს ხელისუფლებაში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდას სთხოვს

საქართველოს პარლამენტს 118 არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებაში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდას სთხოვს. იმ შემთხვევაში, თუ პროექტი კანონად იქცევა, ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწევს პროპორციულ საარჩევნო სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის წარმომადგენელი ჰყავდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტია არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

118 არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, კანონპროექტს ხელს 37 ათასზე მეტი ამომრჩეველი აწერს.

თუ პარლამენტი პროექტის დამტკიცებას დათანხმდება, პარტიები ვალდებულები იქნებიან, განსხვავებული სქესის კანდიდატები არა მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სიაში ჩაწერონ, არამედ იგივე წესით იმოქმედონ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემთხვევაშიც. ამ ცვლილების მიხედვით, მაგალითად, საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატიდან, სულ მცირე 26% ანუ 38 დეპუტატი ქალი იქნება.

ხელისუფალი ქალების რაოდენობით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა.

პარლამენტის წევრი 23 ქალბატონის გარდა, რამდენიმე მამაკაცი დაუჭერს მხარს სავალდებულო კვოტირებას ჯერ უცნობია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ქალები არ მალავენ, რომ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა.

საპარლამენტო უმცირესობა გენდერული თანასწორობის მომხრეა, თუმცა არა სავალდებულო კვოტირების.

კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება მხოლოდ დროებითი ჩანაწერი იქნება და იმუშავებს იქამდე, სანამ ქალების პოლიტიკურ გააქტიურებას და გენდერულ თანასწორობას ხელოვნური ჩარევა არ დასჭირდება.

დღის ამბები