19 აპრილი 2024,   22:49
ვრცლად
ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებისა და „მიტაცებული მოქალაქეების“ საქმე - პრეზიდენტი ბრიუსელში განხილულ საკითებზე საუბრობს

ბრიუსელში ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს პრეზიდენტმა პირველი კომენტარი გააკეთა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ბრიუსელში ყველა შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოს სახელმწიფოებრივ და  სტრატეგიულ პოლიტიკაზე, რაც პრეზიდენტის თქმით, „მოთმინების პოლიტიკაა.“

"ჩვენ ვსაუბრობთ იმ სტრატეგიული პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც არის განხორციელებული, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში-ეს არის სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა. მე ამდენი წლის განმავლობაში არ მინახავს ვითარება, სადაც ვინმეს კითხვის ნიშანი დაესვა, რომ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არ ვითარდება სწორად, ან ამ პოლიტიკის შორს მიმავალი შედეგი არ დადგება. ჩვენ ამ პოლიტიკის ფარგლებში ვმოძრაობთ. ეს პოლიტიკა იქნა მიღებული  2013 წელს პარლამენტის დეკლარაციის მიხედვით და ამ პოლიტიკის ფარგლებში ვმუშაობთ,“-განაცხადა პრეზიდენტმა.

რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას გაუგზავნა, პრეზიდენტმა ამ განცხადების შეფასებისგან თავი შეიკავა. 

პრეზიდენტმა ასევე შეაფასა ორდღიანი შეხვედრა. ისაუბრა იმ საკითხებზე, რაზეც შეხვედრებისას აქცენტები იყო გაკეთებული. მისი თქმით, ნატოს მომავალი წლის სამიტზე საქართველომ მოწვევა მიიღო. პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე გაფორმდა ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობის ახალი ფორმატი, რაც მაღალი დონის, სექტორალურ ურთიერთობას გულისხმობს.

პრეზიდენტის განცხადებით, ძირითადად საუბარი შეეხო უვიზო მიმოსვლის საკითხს, მარგველაშვილის განცხადებით,  ყველა საკითხს მძიმე ფონად გასდევდა არჩილ ტატუნაშვილისა და მასთან ერთად დაკავებული საქართველოს ორი „მიტაცებული მოქალაქის“ საქმე.

„მე მივაწოდე ამომწურავი ინფორმაცია ჩვენ კოლეგებს იმ კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით, რაც არსებობდა სავიზო რეჟიმის დარღვევასთან დაკავშირებით და ჩამოყალიბდა ის სამუშაო ურთიერთობა, რომელიც ამ წარმოქმნილ პრობლემას გადალახავს. ყველა ამ შეხვედრას მძიმე ფონად გაყვებოდა ის მკვლელობა და ამ მკვლელობის გაგრძელება იმ მიტაცებით, ჩვენი მოქალაქეების, რომელსაც არ უშვებენ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან და ასევე ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების თემა. ბუნებრივია, ეს იყო ის მძიმე ფონი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვილაპარაკეთ წინგადასადგმელ ნაბიჯებზე,“-განაცხადა პრეზიდენტმა.

დღის ამბები