20 აპრილი 2024,   14:17
ვრცლად
მოგლეჯილი ხეები, ჩამსხვრეული ვიტრაჟები და გადახდილი სახურავები - თბილისში ქარმა პრობლემები შექმნა

მოგლეჯილი ხეები, ჩამსხვრეული ვიტრაჟები და გადახდილი სახურავები - მიუხედავად იმისა, რომ მეტეოროლოგების პროგნოზით ქარის მაქსიმალური გაძლიერება 22:00 საათისთვის იყო მოსალოდნელი, პრობლემები თბილისსა და რეგიონებში უკვე შეიქმნა.

საგანგებო მართვის სამსახურში ამ დროისთვის შესულია 250-ზე მეტი გამოძახება.

აღმაშენებლის ხეივანში საცხოვრებელი კორპუსის მე-14 სართულიდან შუშის ვიტრაჟი ჩამოვარდა. ჩამოვარდნის შემდეგ მცირე დროის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო, თუმცა, გადაადგილება ახლა სრულად აღდგენილია.

დიღომში კი ძლიერმა ქარმა რესტორან „რიტონს“ სახურავი გადახადა. შემთხვევის შემდეგ ელექტროენერგია გაითიშა და რესტორანი დახურეს. როგორც ცნობილია, სახურავის გადახდის შედეგად არავინ დაშავებულა.

დღეს ასევე, ძლიერი ქარის გამო „რიყე-ნარიყალას“ საბაგირომ მუშაობა შეაჩერა.

უამინდობის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა დანაყოფი განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული. უწყება ძლიერი ქარის შემთხვევაში მოსახლეობას გარკვეულ რეკომენდაციებსაც სთავაზობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები