19 აპრილი 2024,   07:55
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ორი ქვეყნის თანამშრომლობასთან ერთად, ნატოს მომავალი სამიტის პერსპექტივები განიხილა. მანამდე კი მარგველაშვილი ბრიუსელის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა, რომელზეც განხილვის მთავარი თემა რუსეთის აგრესიული პოლიტიკა იყო.

საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწემ უშიშროების საკითხებში და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა, მარგველაშვილისა და კონგრესმენების შეხვედრა და ასევე ბრიუსელის ფორუმზე სიტყვით გამოსვლა შეაფასა. მისი თქმით, საქართველოს ამერიკის მხარდაჭერის იმედი აქვს ნატოს მომდევნო სამიტზე.

„ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც განსაკუთრებით ყურადსაღებია ბოლო განვითარებული მოვლენების ჭრილში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გამოსვლებისა და მილიტარისტული რიტორიკის ფონზე. მან გაამახვილა ყურადღება იმის აუცილებლობაზე, რომ ევროკავშირის და დასავლელი პარტნიორების ყურადღება შეუნელებელი უნდა იყოს ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორიცაა საქართველო და უკრაინა,“ - აღნიშნა რაქვიაშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი, კრის მერფი, მიიჩნევს, რომ რუსეთის ქმედებების საპასუხოდ ამერიკა და ევროპა ბევრად უფრო მკაცრი უნდა იყოს.

„შეერთებული შტატები უნდა იყოს უფრო ძლიერი, როდესაც საქმე ეხება რუსების მანიპულაციებს ან საუბრებს ევროპაში, ამერიკაში, საქართველოში. ჩვენ მივიღეთ სწორი გადაწყვეტილება მონტენეგროს ნატო-ს ალიანსში მიღებით და ამით ნათლად ვაჩვენეთ, რომ ღია კარის პოლიტიკა კვლავ არსებობს. იმედი მაქვს, რომ ის არსებობს საქართველოსთვისაც. ამას გარდა, ნათლად ვაჩვენეთ რუსეთს, რომ ისინი ვერ გვიკარნახებენ, თუ როგორი უნდა იყოს ტრანს-ატლანტიკური ინსტიტუტების მომავალი,“ - განაცხადა კრის მერფიმ.

კომენტარები ევროპელმა პოლიტიკოსებმა გააკეთეს. მათი აზრით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ეფექტიანია და ის აჩვენებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთიანნი არიან.

„ძალიან ვაფასებ პოლიტიკურ კურსს, რომელსაც საქართველო ატარებს. მკაფიო ერთგულება ღია ევროპული ფასეულობების, კანონის უზენაესობის, საერთაშორისო წესრიგის უზრუნველყოფაში დახმარება და ამისთვის საფასურის გადახდა ქვეყნის მიერ, რომელმაც საკუთარ განვითარებაზე უნდა იზრუნოს, ძალიან დაფასებულია ევროპასა და შეერთებულ შტატებში. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი, რადგან ეკონომიკური ეფექტის გარდა, ეს არის პოლიტიკური ერთიანობის დემონსტრირება. პოლიტიკური ერთიანობა კი ქმნის ჩვენს სიძლიერეს,“ - განაცხადა ბუნდესტაგის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ნორბერტ რიოტგენიმ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში კონფლიქტის საკითხებში, კურტ ვოლკერმა, ბოლო პერიოდში ვლადიმერ პუტინის მეირ გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

„ბოლო განცხადებებით ვლადიმერ პუტინმა კვლავ წარმოადგინა ძლიერი ავტორიტარული ლიდერობა, ძალისმიერი პოლიტიკა მეზობლების მიმართ და დიადი რუსი ერის დაცვა. იმედი მაქვს, ის დაიწყებს ფიქრს, თუ რა იქნება მემკვიდრეობა. საქართველოს ევროინტეგრაციის გზა კი უცვლელია. ეს არის ორიენტირება რეფორმების განხორციელებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე. ჩვენ უნდა დავინახოთ ძლიერი დემოკრატია, ხელსაყრელი ბიზნესგარემო ინვესტირებისთვის, ინტეგრაცია დანარჩენ განვითარებულ მსოფლიოსთან. საუკეთესო რამ საქართველოს პოტენციური წევრობისთვის არის ის, რომ იყოთ მომზადებულები, როდესაც გაფართოების შესაძლებლობა იქნება,“ - განაცხადა კურტ ვოლკერმა.

 

 

დღის ამბები