20 აპრილი 2024,   08:28
ვრცლად
ძალადობის მსხვერპლი ქალი, რომელსაც ქმარი ორსულობის დროს სცემდა, პროკურატურას უმოქმედობაში ადანაშაულებს

ძალადობის მსხვერპლი ქალი, რომელსაც ქმარი ორსულობის დროს სცემდა, პროკურატურას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

36 წლის ქალი ამტკიცებს, რომ ყოფილი მეუღლე მოკვლით ემუქრება. ამბობს, რომ ქმარს წელიწადნახევრის წინ დაშორდა და მას შემდეგ მუქარა არ შეწყვეტილა. ის ამტკიცებს, რომ გამუდმებულ ძალადობას ორი წლის განმავლობაში ოჯახის შენარჩუნების მიზნით ითმენდა, რადგან ეს მისი მეორე ქორწინება იყო.

მისი თქმით, მან ასევე იჩივლა პროკურატურაშიც, რომელმაც დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა, თუმცა, წელიწადნახევარია, თავს მაინც დაუცველად გრძნობს.

ალექსანდრე ჯავახს, ძალადობის გამო, ბრალი წაუყენეს, თუმცა არ დაუკავებიათ. ძალადობის მსხვერპლი ქალი ამბობს, რომ ძალადობის ფაქტზე წელიწადნახევრის წინ დაწყებული გამოძიება გორის პროკურატურამ სასამართლოში მხოლოდ რამდენიმე დღის წინ წაიღო, თან ისე, რომ ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიება არ შეუფარდებიათ.

ალექსანდრე ჯავახის ნაცვლად ბრალდებებს მისი ოჯახის წევრები პასუხობენ. ისინი ფიზიკური ძალადობის შემთხვევებს ვერ იხსენებენ და ვერც ცოლის მისამართით გამოთქმულ მუქარას.

ბრალდებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ კამათი ცოლ-ქმარს ხშირად მოსდიოდა, თუმცა, ძალადობის გამო ყოფილ ცოლს არასდროს დაუჩივლია.

მორიგი სასამართლო პროცესი გორის სასამართლოში ორშაბათს გაიმართება. არც გორის და არც მთავარ პროკურატურაში ძალადობის საქმის შესახებ განმარტებებს არ აკეთებენ.

დღის ამბები