20 აპრილი 2024,   17:22
ვრცლად
ახალი გარემოებები გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეში - 17 წლის შემდეგ პროკურატურამ გამოძიება ხელახლა დაიწყო

17 წლის შემდეგ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეს პროკურატურა ხელახლა მიუბრუნდა. გამოძიება მას შემდეგ განახლდა, რაც P.S.-ს ციხიდან მსჯავრდებული კოტე ციხისთავი დაუკავშირდა და ცნობილი ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე სკანდალური განცხადება გააკეთა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გიორგი სანაიას მკვლელობა პოლიტიკური იყო და მკვლელების ვინაობაც დაასახელა. ციხისთავმა თქვა ისიც, რომ სანაია შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლი იყო ამ საქმეში ბრალდებულმა დანაშაული საკუთარ თავზე ანგარებით აიღო.

ახალგამოვლენილი გარემოებების გადამოწმების გარდა, პროკურატურას პასუხის გაცემა ყველა იმ კითხვაზე მოუწევს, რომლებიც ოჯახს და საზოგადოებას უკვე ჩვიდმეტი წელია აწუხებს. არავინ და მათ შორის თავად სასამართლომაც კი არ დაიჯერა, რომ გიორგი სანაია ყოფით ნიადაგზე დაწყებულ კამათს შეეწირა.

გრიგოლ ხურცილავას მიერ მკვლელობის ჩადენა ძლიერი სულიერი აღელვების ნიადაგზე ექსპერტებმა შესაბამისი კვლევების შემდეგ კატეგორიულად გამორიცხეს. ასეთმა დასკვნამ გამორიცხა ყოფითი მოტივი, რომლის ტირაჟირებასაც მაშინდელი გამოძიება თავდაუზოგავად ცდილობდა. საქმეში, არც ანგარება ან შურისძიება არ იკვეთებოდა.

ხურცილავას გარდა ახალი გამოძიების ფარგლებში პროკურატურას კიდევ არაერთი ადამიანის დაკითხვა მოუწევს. ციხიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ჟურნალისტის მკვლელობის დამკვეთები შსს-ს მაშინდელი მაღალჩინოსნები კახა ბაკურაძე და თამაზ თამაზაშვილი იყვნენ.

დღის ამბები