23 აპრილი 2024,   12:48
ვრცლად
"ყვებოდნენ ყველაფერს, რაც იციან," - სუბარი გათავისუფლებულ ქუტაშვილსა და პავლიაშვილზე საუბრობს

ოკუპირებული ახალგორიდან გათავისუფლებულ ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი არ აკონკრეტებს იციან თუ არა მათ რა ვითარებაში დაიღუპა არჩილ ტატუნაშვილი. სოზარ სუბარი ამბობს, რომ გათავისუფლებულ მოქალაქეებთან ყველა საკითხზე ისაუბრა, თუმცა ამ ეტაპზე დეტალების გასაჯაროებისგან თავს იკავებს.

"ჩვენ ვისაუბრეთ საკმაოდ დიდხანს. ისინი ჰყვებოდნენ ყველაფერს, რაც იციან მაგრამ ამის საჯაროდ თქმა არ იქნება სწორი ამ ეტაპზე. ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა რა თქმა უნდა მოხდება და არ ველოდები რომ ეს ძალიან დიდხანს გაჭიანურდება. თუმცა  კონკრეტული თარიღის თქმა არც სწორი იქნება და შეიძლება კონტრპროდუქტიულიც კი იყოს,“-განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეხვედრას ესწრებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეც. კახაბერ საბანაძე ამბობს, რომ ოკუპირებული ახალგორიდან გათავისუფლებული მოქალაქეები თავს კარგად გრძნობენ. დანარჩენი დეტალების გასაჯაროებისგან ისიც თავს იკავებს.  

„არანაირი ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. გამოძიება მიდის. პროცესი გრძელდება,“-განაცხადა კახაბერ საბანაძემ. 

არჩილ ტატუნაშვილთან ერთად  ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი 22 თებერვალს დააკავეს.

საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შემდეგ ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი მცხეთის პოლიციაში  მივიდნენ სადაც მათ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში და შს მინისტრის მოადგილე შეხვდნენ.

დღევანდელი შეხვედრა იყო არაფორმალური ხასიათს. მათ ამ ეტაპზე სამართალდამცველებისთვის ჩვენება არ მიუციათ.  

ავტორი: მიხეილ სესიაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები