24 აპრილი 2024,   22:10
ვრცლად
დარღვევები თვითმმართველობის არჩევნებზე - ოპოზიცია რეაგირებისთვის სტრასბურგს მიმართავს

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობენ. ოპოზიციური სპექტრი დარღვევებზე რეაგირებისთვის სტრასბურგს მიმართავს. 

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შესაბამისი სარჩელი უახლოეს დღეებში შევა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თქმით, სწორედ სტრასბურგმა უნდა დაავალდებულოს ხელისუფლება, რომ დარღვევები სამომავლოდ გამოასწოროს. ოპოზიციაში არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ ენდობიან და მის გაბათილებას ითხოვენ. 

"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ისინი სასამართლოს მიმართავენ, კონკრეტული საკითხები შეისწავლოს და ხელისუფლებას რეკომენდაციები მისცენ.

„ ამ წუთიდან, დედამიწის პოლიტიკურ რუკაზე, ერთადერთი ქვეყანაა, საქართველო რომლის ხელისუფლება აღიარებს საკუთარ თავს და მას არ აღიარებს არც ერთი პოლიტიკური პარტია. ეს არის უნიკალური ფორსმაჟორული სიტუაცია და, თუ დარჩა რეჟიმს პატარა ჭკუა და თვითგადარჩენის ინსტინქტი, დროა ჩაალაგოს ბარგი, დაგვემშვიდობოს და იფიქროს ძალაუფლების ხალხისათვის დაბრუნებაზე,“ -განაცხადა „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

განცხადება გააკეთა „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემაც, რომელიც ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს უნდობლობას უცხადებს.

„მთელი პოლიტიკური სპექტრი აცხადებს, რომ არჩევნები საქართველოში პრაქტიკულად აღარ ტარდება,“ - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

პარტია ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე კახა კუკავა კი ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, თავდაპირველად დარღვევები უნდა გამოავლინოს.

„სტრასბურგის სასამართლოს კომპეტენციიდან გამომდინარე, მან პირველ რიგში უნდა დაადგინოს დარღვევები, კანონის და უფლებათა დარღვევები. აქედან გამომდინარე, ის აძლევს ხელისუფლებას რეკომენდაციებს, ეს შეიძლება იყოს ძიების ჩატარება, ასევე შეიძლება იყოს გადათვლა, ასევე კომპენსაცია,“ - განაცხადა კუკავამ.

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ საზოგადოებას უნდა მიეცეს იმედი, რომ ქვეყანაში დამკვიდრდა პრინციპი, რომ ხელისუფლებები არჩევნების გზით იცვლება.

„შეეშვან სახელმწიფო ინსტიტუტების განადგურებას. მისცენ ქართველ ხალხს 2018 წლის არჩევნებში თავისუფლად აირჩიოს თავისი ქვეყნის მეთაური,“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

დღის ამბები