19 აპრილი 2024,   23:39
ვრცლად
თბილისის მერია „სითი პარკთან“ ხელშეკრულებას წყვეტს

თბილისის მერია „სითი პარკთან“ ხელშეკრულებას წყვეტს. დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელშეკრულება კომპანიასთან 10 აპრილიდან შეწყდება. მისი თქმით,  პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, "სითი პარკის" ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

გადაწყვეტილების მიზეზად კალაძემ კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულება დაასახელა. 

„პირადად ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, არაკეთილსინდისიერი მიდგომები. არანაირად არ შევურიგდები არცერთი კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობას. ნათლად გამოიკვეთა კომპანია „სითი პარკის“ შეუთავსებლობა საზოგადოებრივ ინტერესებთან, სამართლიანობასთან და მაღალ სტანდარტებთან. ჩვენი მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანია არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „სითი პარკთან“ ხელშეკრულება შევწყვიტეთ, ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა 2018 წლის 10 აპრილიდან,“-განაცხადა  დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

დედაქალაქის ვიცემერი, ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ „სითი პარკმა“ მასზე დაკისრებული მოვალეობა არ შეასრულა, რაც საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობდა. 

ხმალაძის თქმით, კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის გამო, მერიას პირგასამტეხლო არ დაეკისრება, რადგან ის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მოქმედებდა. მერის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ „სითი პარკმა“ სასამართლოს მიმართოს.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

დღის ამბები