„როგორც ვატყობ პრემიერ მინისტრსა და საქართველოს მთავრობას აქვს სტოკჰოლმის სინდრომი, როდესაც შენი დამპყრობელი გიყვარდება - ეტყობა ამ კონტექსტში არიან ჩავარდნილი,“-ასე აფასებს „საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია იმ მიმოწერას, რომელიც საქართველოს პრემიერსა და ლავროვის უწყებას შორის ოფიციალურ დონეზე შედგა.
დავითაიას განცხადებით, ნათლად ჩანს, რომ იმ დათმობებმა, რომელზეც საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან მიმართებაში წავიდა შედეგი არ გამოიღო.
მისივე თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ რუსეთი საქართველოს იმდენ ტერიტორიას დაიპყრობს, რამდენსაც საქართველოს ხელისუფლება დათმობს.
„რეალურად ჩვენ ვხედავთ ერთ რაღაცას, რომ მაქსიმალური დათმობა რაც ხდება საქართველოს მხრიდან არანაირი შედეგის მომტანი არ არის პირიქით, რუსეთის ფედერაციის წერილში წერია, სანამ შეგვიძლია, რამდენიც შეგვიძლია, რამდენის დათმობაც შეგიძლიათ ქართულ მხარეს, ჩვენ მზად ვართ ეს ტერიტორიები წავიღოთ, დავიპყროთ და ეს ტერიტორიები დავიპყროთ,“-აცხადებს პაატა დავითაია.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადება დღეს გამოქვეყნდა. განცხადებაში ოფიციალური მოსკოვი მიესალმება ჟენევის დისკუსიაში პრემიერის ჩართვის ინიციატივას. საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთისთვის ეს ჟესტი იმის ნიშანია, რომ მარტის ბოლოს დაგეგმილ რაუნდზე ქართული მხარის კონსტრუქციულობას გამოიჩენს.