25 აპრილი 2024,   20:11
ვრცლად
უპასუხისმგებლო განცხადება, მოღალატეობრივი მლიქვნელობა - ოპოზიცია პრემიერს რუსეთისათვის მიმართვის გამო აკრიტიკებს

პრემიერ-მინისტრის მიმართვა რუსეთისადმი ამ დრომდე კრიტიკის საგანია ოპოზიციაში. ოპონენტებისგან განსხვავებით, საპირისპირო პოზიციაზე არიან მმართველ გუნდში, სადაც განმარტავენ, რომ დიალოგი აუცილებელია და კვირიკაშვილმა სწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც ოფიციალურ რუსეთს მიმართვა გაუგზავნა. 

"საჭირო არის კომუნიკაცია მათ შორის ოკუპანტთანაც და მტერთანაც. მე მიმაჩნია რომ პრემიერის გადაწყვეტილება რომ ის განცხადება გაეკეთებინა, იყო სწორი, მე ამას ყველანაირად ვეთანხმები, პოლიტიკურად ეს ვისაც როგორ უნდა ისე შეაფასოს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ვალდებულება ყველა მოქალაქის წინაშე,"-აცხადებს გედევან ფოფხაძე.

კვირიკაშვილის განცხადებას მისი გადადგომის საფუძვლად მიიჩნევენ "ნაციონალურ მოძრაობაში" და აცხადებენ, რომ ეს ადეკვატური გადაწყვეტილება იქნება.  

"რუსეთის მხრიდან პასუხი იყო არა კონსტრუქციულობა და დათმობა, არამედ ცინიზმი. ასეთი მოღალატეობრივი მლიქვნელობა ასუსტებს ჩვენი ქვეყნის პოზიციებს და ვერანაირ შედეგს ვერ აღწევს. ასეთ სიტუაციაში ერთ-ერთი ადეკვატური ქმედება ხელისუფლების მხრიდან იქნება პრემიერ-მინისტრის გადადგომა,"-განცხადა თინათინ ბოკუჩავამ. 

"ევროპული საქართველო" კი პრემიერს ქვეყნის ინტერესების დაზიანებაში ადანაშაულებს და განმარტავს, რომ გამოსავალი მხოლოდ პრინციპულ განცხადებებშია.

"პრემიერმა ამ თავისი აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებით, რომელმაც დააზიანა ჩვენი ქვეყნის ინტერესი, ახლა უმრავლესობის წარმომადგენლები ცდილობენ ამ სიტუაციის გამოსწორებას, მაგრამ ამას გამოასწორებს მხოლოდ პრინციპული და არაორაზროვანი განცხადებები,"-აცხადებს ოთარ კახიძე.

რაც შეეხება თავად პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილი, სავარაუდოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოხმაურებაზე პირველ კომენტარს დღეს, მთავრობის სხდომაზე გააკეთებს.

დღის ამბები